← მთავარი
საზოგადოება

საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა

10 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა

On.ge საინფორმაციო სააგენტო BMG-მ შეიძინა. საჯარო რეესტრში “ომედია მედიას” და On.ge-ს მონაცემებში ცვლილებები 8 და 9 ივლისს აისახა.

დოკუმენტების მიხედვით, BMG-იმ იყიდა შპს “ფორმულა ფროდაქშენისა” და ნინო ტეფნაძის კუთვნილებაში არსებული On.ge-ს 14.25%-იან და 5%-იან წილები და “ომედია მედიას” 80.75%-იანი წილი, რომელასც ნოდარ დავითური და გიორგი ჯიბლაძე ფლობდნენ. ამის შედეგად BMG ონლაინ მედიასაშუალების 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

BMG-სთან საუბრისას On.ge-ს თანადამფუძნებელი ნოდარ დავითური აცხადებს, რომ “BMG-ის ჰოლდინგში გაერთიანება On.ge-სთვის განვითარების სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია”.

“On.ge-ს დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანი იყო სანდო, თავისუფალი და თვითმყოფადი ონლაინ-მედიის შექმნა. ყველა დამფუძნებელს გვეამაყება ის გავლენა, რომელიც On.ge-ს გუნდმა ბოლო 10 წელიწადში ქართულ ონლაინ მედია ბაზარზე მოახდინა და ის ღირებულებები, რომლითაც შევინარჩუნეთ სარედაქციო და ფინანსური დამოუკიდებლობა, თავისუფალ მედიაზე არსებული წნეხის მიუხედავად. დღეს ეს ისტორია ახალ, ბევრად უფრო საინტერესო ფაზაში გადადის.

BMG-ის ჰოლდინგში გაერთიანება On.ge-სთვის განვითარების სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია. გვიხარია, რომ ვიპოვეთ თანამოაზრეები, რომლებიც გამოცემას განავითარებენ ისეთი ძლიერი და პროფესიონალური მედიაჯგუფის ფარგლებში, როგორიც BMG-ია. დარწმუნებული ვარ, ეს სინერგია კიდევ უფრო გააძლიერებს On.ge-ს და შეუნარჩუნებს მას იმ მთავარ ღირებულებებს და უნიკალურ სტილს, რომლითაც ამ ბრენდმა წლების განმავლობაში შეაყვარა თავი საკუთარ აუდიტორიას”, — აცხადებს On.ge-ს თანადამფუძნებელი ნოდარ დავითური.

BMG-ის დირექტორის, ანნა ლაპიაშვილის თქმით, “On.ge შეინარჩუნებს იმ მიმართულებებსა და პროფილს, რაც აქვს და გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც დამოუკიდებელი მედიასააგენტო BMG-ის ჰოლდინგში”.

“BMG-ის მედია ჰოლდინგში On.ge-ის ბრენდის დამატება, როგორც ახალი პასუხისმგებლობა, ისე ზრდისა და გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს სტრატეგიული ნაბიჯი ჩვენს ჰოლდინგს მედიაბაზარზე გაფართოების ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ On.ge-ის პლატფორმის სწორი მიმართულებით განვითარებას და გავაძლიეროთ მისი მრავალფეროვანი კონტენტი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ on.ge შეინარჩუნებს იმ მიმართულებებსა და პროფილს, რაც აქვს და გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც დამოუკიდებელი მედია სააგენტო BMG-ის ჰოლდინგში”, — აცხადებს BMG-ის დირექტორი ანნა ლაპიაშვილი.

← მთავარი