„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ ‘სრულად არა-რუსული წარმოშობის’ ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“, რომელსაც ქართველი ბიზნესმენი მაკა ასათიანი ფლობს და რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს, რაც კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას „გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს“.
1 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია „აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“. ამავე განცხადების თანახმად, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და „მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება“.
კომპანიის თქმით, ის იწყებს „საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის“ და 2027 წლის II კვარტლისთვის მას „გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი“.