ფრინველის გრიპმა ანტარქტიდის შორეულ კუნძულებზე ათასობით ზღვის ცხოველი იმსხვერპლა - "სიტუაცია საგანგაშოა"
ახალი კვლევის თანახმად, ფრინველის გრიპის H5N1 შტამმა ანტარქტიდის ტერიტორიაზე მდებარე შორეულ კუნძულებზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია - მოკვდა ათასობით სამხრეთული სელაპი.
ჰერდისა და მაკდონალდის კუნძულები, რომლებიც ავსტრალიიდან დაახლოებით 4000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მილიონზე მეტი ზღვის ფრინველისა და სელაპის საცხოვრებელი ადგილია. სწორედ აქ დაფიქსირდა ვირუსის გავრცელება, რომელიც მეცნიერების შეფასებით, სავარაუდოდ გადამფრენი ფრინველების მეშვეობით მოხვდა რეგიონში.
მკვლევრების მონაცემებით, ჰერდის კუნძულზე არსებული დაახლოებით 17 364 სელაპიდან 13 359 დაიღუპა, რაც პოპულაციის 75%-ზე მეტს შეადგენს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ ლოკაციაზე სიკვდილიანობამ 97%-საც კი მიაღწია. კვლევის მიხედვით, ვირუსი ასევე დაფიქსირდა მეფე და გენტუს პინგვინებში, თუმცა მათში სიკვდილიანობა შედარებით ნაკლები იყო. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ასეული ზრდასრული პინგვინიც დაიღუპა, რაც ნორმალურ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება. მეცნიერების თქმით, ეს არის H5N1-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გავლენა სუბანტარქტიკურ ეკოსისტემაზე. ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრმა მიურეი უოტმა შემთხვევას “საგანგაშო“ უწოდა. წყარო