144 000 ევრო პლასტიკურ პროცედურებში და დაკავების ორდერი - რატომ ეძებს თურქ ვარსკვლავს გერმანიის პოლიცია: "რეალურად, საშვილოსნოს ოპერაცია გავიკეთე"
თურქული შოუბიზნესი ახალმა სკანდალმა ააფეთქა. თურქ მსახიობს, 29 წლის ბირან დამლა ილმაზს გერმანიის პოლიცია ეძებს. ტელეკომპანია TV8-ის ეთერში, გადაცემა „Gel Konuşalım“-ში, ცნობილმა ჟურნალისტმა მეჰმეტ უსთუნდაღმა ნამდვილი ბომბი ააფეთქა - ჰამბურგის სასამართლომ ვარსკვლავის დაკავების ბრძანება გასცა. ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ის დოკუმენტები და ინვოისებიც კი აჩვენა, რომლებიც საქმეში ფიგურირებს. ეს ხმაურიანი ისტორია კოსმიურ ვალებს, კლინიკებსა და მსახიობის ყოფილ შეყვარებულს უკავშირდება.
ასტრონომიული ხარჯები სილამაზისთვის: რაში დაიხარჯა 144 ათასი ევრო? გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის წინ ბირან დამლა ილმაზი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. სწორედ მაშინ გაჩნდა მის ანგარიშზე გიჟური ციფრები, რომლებითაც მოგვიანებით გერმანული საგადასახადო უწყებები დაინტერესდნენ. როგორც ახალი დეტალებიდან ირკვევა, საქმის მასალებში არსებული 144 000 ევროს ღირებულების ინვოისები, ძირითადად, სამედიცინო მომსახურებასა და ძვირადღირებულ პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებს უკავშირდება. მსახიობმა ესთეტიკურ კლინიკებში გაწეული ხარჯების გადახდა დააგვიანა, რის გამოც ოფიციალური სამართლებრივი პროცესები ამოქმედდა. სასამართლო ჰამბურგში და პოლიციის რეიდი ყოფილი ბოიფრენდის ბინაში ვინაიდან ილმაზმა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა, ჰამბურგის სასამართლომ ის ოფიციალური ფინანსური დეკლარაციის წარსადგენად დაიბარა. მსახიობის უარისა და პროცესის იგნორირების გამო, საქმეში სააღსრულებო ბიურო ჩაერთო, რასაც დაკავების ორდერის გამოცემა მოჰყვა. სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა მსახიობის ყოფილი შეყვარებული - ბიზნესმენი აბდურაჰმან აიდინი. აიდინი ბიზნესწრეებში კარგად არის ცნობილი, ის გერმანული ყავის ბრენდის, Doppio Coffee Roastery-ის დამფუძნებელია, რომელიც თურქეთის ბაზარზეც შემოიყვანა. წყვილის დაშორების შემდეგ, გერმანელი სამართალდამცველები სწორედ აბდურაჰმანის საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. ინსაიდერების თქმით, ამ გიჟური ხარჯების ნაწილს კულუარებში თავად ყოფილი ბოიფრენდი ფარავდა, თუმცა პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა.
სად არის ახლა ბირან დამლა ილმაზი და რომელ სერიალებში თამაშობს? სანამ გერმანიაში მის წინააღმდეგ სასამართლო დავები მიმდინარეობს, ბირანი აქტიურად აგრძელებს კარიერას თურქეთში. მკითხველისთვის ის კარგად არის ცნობილი ისეთი სერიალებიდან როგორებიცაა: „ობოლი ყვავილები“ - ეილულის როლი, რომელმაც მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა)„აშკარა ტყუილი“„კაშხალი“„აკრძალული ვაშლი“ - ქუმრუს როლიამჟამად მსახიობი ტელეკომპანია NOW TV-ის ახალ, რეიტინგულ სერიალში „ჰალეფი“ მონაწილეობს, სადაც მთავარ პერსონაჟს ასახიებს.
გადაცემის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში, ცნობილმა მსახიობმა სკანდალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ყოფილ პარტნიორს ძალადობაში სდებს ბრალს. „გერმანიაში ესთეტიკური პროცედურებისთვის არ წავსულვარ. 13 წლიდან მაქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რასაც აქამდე საგულდაგულოდ ვმალავდი, რადგან ჩვენს ინდუსტრიაში არის დაუწერელი კანონი და პრესინგი - მსახიობი ყოველთვის ჯანმრთელად უნდა გამოიყურებოდეს. მაქვს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და სწორედ ამის მკურნალობას წავედი. მაშინდელმა შეყვარებულმა თავად შემომთავაზა გერმანიაში წასვლა უკეთესი კლინიკების საძიებლად. იქ დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში. იყო დღეები, როცა ფეხზე ვერ ვდგებოდი, რის გამოც ბევრ პროექტზე ვთქვი უარი. როცა ორგანიზმი მზად იყო, ოპერაცია გამიკეთეს. მე ესთეტიკა კი არა, საშვილოსნოს ოპერაცია გავიკეთე, იმისთვის, რომ ერთ დღეს დედა გავხდე! ის, რასაც ჩემი ყოფილი პლასტიკურ ქირურგიას უწოდებს, რეალურად ჩემს ქალობას და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება. ბავშვობიდან გაუსაძლისი ტკივილებით მოვდივარ, ახლა კი, რადგან ვიღაცას არ მოვწონვარ, ჩემს გაშავებას ცდილობენ. ეს სამართლიანი არ არის. დასრულებულ ურთიერთობაზე ასე საუბარი კაცობა არ არის. არანაირი წითელი ცირკულარით ძებნა ჩემზე არ არსებობს. იმ ორი წლის გამო, რაც ერთად გავატარეთ და განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ჩემი ავადმყოფობის დროსაც გვერდში მედგა, დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა ამ ურთიერთობაში ყოფნა. მე საკუთარი პრეტენზიები გამოვთქვი. თავდაპირველად, მან თქვა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა, თუნდაც დავშორდებოდით, მაგრამ მოულოდნელად, გადასაღები მოედნიდან ახალი ამბების გავრცელების შემდეგ, მეუბნებოდა: “შენ შემარცხვინე, ხალხს ჰგონია, რომ მომატყუე“ და ჩემდამი მუქარა დაიწყო.
მეუბნებოდა, „იცოდე, მეც შეგარცხვენ, გამოაქვეყნე ფოტო და გააკეთე განცხადება, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება“. როცა ის არ გავაკეთე, რაც სურდა, მითხრა, რომ ურფაში ჩამოვიდოდა, გადასაღებ მოედანზე შემოიჭრებოდა მეჩხუბებოდა. მაშინვე უსაფრთხოების ზომები მივიღე, შემაკავებელი ორდერი გამოვაწერინე. რის შემდეგაც ცოტა ხნით დუმდა. თუმცა, მოგვიანებით მითხრა, რომ გერმანიაში ჩემი ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები მოვიდა, რადგან ადრე დაოჯახებას ვგეგმავდით. ვუთხარი, რომ არ მქონდა პრობლემა გაუქმებულიყო.
მოთმინებით ვპასუხობდი მის ყველა მოწერილს, სანამ საბოლოოდ, ფულის მოთხოვნა არ დამიწყო იმ ბიზნესისთვის, რომლის დაწყებაც სურდა. მეუბნებოდა, რომ ზიანი მივაყენე, მემუქრებოდა, რომ ცხოვრებას დამინგრევდა, მედიას დოკუმენტებს წარუდგენდა და ყველაფერს წამართმევდა, რაც აქამდე დამოუკიდებლად ავაშენე.”“, - ილმაზის თქმით, მის ყოფილ შეყვარებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს მისთან მიახლოება.