საკანონმდებლო ცვლილებებით, ახალი კატეგორიის — "საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა" შემოდის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა. დარახველიძის განცხადებით, საქართველოში სასწავლო ბინადრობის უფლებით 35 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს. რაც შეეხება მუდმივი ბინადრობის უფლებას, ის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეზე ქორწინების საფუძველზე გაიცემა. ბოლო მონაცემებით, ქორწინებით მიღებული ბინადრობის უფლებით 30 000-მდე უცხოელი სარგებლობს. დარახველიძის განმარტებით, ბინადრობის მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ფიქციური ქორწინებებია. “სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებს, რომ ძალიან გაიზარდა მოთხოვნა. გასამმაგებულია, მაგალითად, 2024 წლის პირველ კვარტალში მოთხოვნები, რაც, ასე ვთქვათ, აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ბინადრობის გაცემის საფუძველი შეიძლება ფიქციური ქორწინება იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მუდმივი ბინადრობის გაცემის შემთხვევაში კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შემოთავაზებას,” — განაცხადა დარახველიძემ. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა — “საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა”. თუ ადრე საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებით უცხოელი მოქალაქე უვადო ბინადრობას იღებდა, ცვლილებების შემდეგ ის პირველ ეტაპზე ერთი წლით მოიპოვებს ბინადრობის უფლებას, შემდეგ კი — 2-2 წლით. იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება 5 წელს გასტანს, შესაძლებელი იქნება უვადო ბინადრობის მიღება. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს წყვილის გასაუბრებას კომისიის წინაშე და ქორწინების ავთენტურობის დადასტურებას. დარახველიძემ განაცხადა, რომ ფიქციური ქორწინების გამოვლენის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე სამართლებრივი წარმოება დაიწყება. “იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ფიქციურ ქორწინებას, მოხდება მისი ბათილად ცნობა, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირები, ბუნებრივია, მიეცემიან პასუხისგებაში. იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება ფიქციური ქორწინება და ეს იქნება ნამდვილი ქორწინება, პირველ ჯერზე გაიცემა ერთწლიანი ბინადრობა, რომელიც შემდგომში ორ-ორი წლის ვადით გაგრძელდება. თუ ხუთი წლის განმავლობაში ეს ქორწინება შენარჩუნდება, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მუდმივი ბინადრობის გაცემა,” — განაცხადა დარახველიძემ. დარახველიძემ მიზეზიც განმარტა. მისი თქმით, ჩატარებულ სასწავლო ბინადრობის გაცემის წესების ცვლილებების ი რეიდების შედეგად დადგინდა, რომ უცხოელი სტუდენტების უმეტესობას უნივერსიტეტში სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ისინი კვლავ სარგებლობდნენ სტუდენტური ბინადრობის უფლებით. დაანონსებული ცვლილებების თანახმად: • უცხოელი სტუდენტის ენის ბარიერს არა უნივერსიტეტი, არამედ გამოცდების ეროვნული ცენტრი დაადგენს. ასევე განისაზღვრება უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატები, რომლებიც სტუდენტური ბინადრობის მოსაპოვებლად იქნება საჭირო. • თუ უცხოელი სტუდენტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 20 კრედიტს არ დააგროვებს, ის ბინადრობის უფლებას დაკარგავს. • თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღით ან მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს ბინადრობის უფლების შეჩერებასაც გამოიწვევს. • ცვლილება ეხება ქვეყნის დატოვებასაც — გარდა საპატიო მიზეზებისა, სტუდენტი ბინადრობის უფლებას დაკარგავს, თუ ქვეყანას 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს. • იქმნება ბაზა, სადაც თითოეული უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვისა და სწავლის შესახებ ინფორმაცია აისახება. • მხოლოდ სრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე შეძლებს სტუდენტური ბინადრობის უფლების მიღებას. არასრულწლოვანი პირებისთვის კი გაიცემა ახალი კატეგორიის, D6 კატეგორიის, ერთწლიანი ვიზა.