← მთავარი
სპორტი

[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემიონატი. U20] ევროპა ორი მედლით დავხურეთ | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემიონატი. U20] ევროპა ორი მედლით დავხურეთ | Lelo.Ge

არმან მკრტიჩიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 2 მედლით (თითო ოქრო-ვერცხლი) დაასრულა გამოსვლა სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატზე.

რევაზ ლაშხის შეგირდთაგან ევროპის ვიცე-ჩემპიონი თბილისის სახელით მოასპარეზე (დედაქალაქში ვარჯიშობს) ნინოწმინდელი არმან მკრტჩიანი გახდა 97 კილოგრამში, ხოლო ბრინჯაოს თბილისელი კახაბერ გოგინაშვილი დაეუფლა 60 კილოგრამში.

სამწუხაროდ, ხელი მოეცარა ბრინჯაოსთვის მოჭიდავე ოზურგეთელ ლუკა ფიიფიას (82) და მე-7 ადგილზე დარჩა.

მკრტიჩიანს ფინალში რომ უძლიერესი მეტოქე ჰყავდა, გუშინაც ვწერდით - უკრაინელი იეჰორ იაკუშენკო, ვინც ნამდვილი ტალანტია. 2024 წლიდან მოყოლებული, ამ 20 წლის ბიჭმა 20 და 23-წლამდელებში ევროპა-მსოფლიოზე უკვე მეშვიდე ფინალი იჭიდავა და მხოლოდ ერთი წააგო - შარშან 20-წლამდელთა ევროპირველობის ფინალში დამარცხდა.

შარშან და შარშანწინ დუბლები შეასრულა ანუ ევროპის ჩემპიონიც გახდა და - მსოფლიოსიც. ის ერთი მარცხი რომ არა, შარშან დუბლს ორივე ასაკში შეასრულებდა. 2004 წელს 18 წლისა 20-წლამდელებში გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი!

მან წლეულს 23-წლამდელთა ევროპირველობაზე, ხოლო შარშან ამავე ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ დგვიმარცხა ბათუმელი ლუკა გაბისონია. სამწუხაროდ, რევანშის აღება და მისი შეჩერება ვერც მკრტჩიანმა შეძლო და ფინალი 1:5 წააგო. კახაბერ გოგინაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია

ევროპირველობის დებიუტანტი გოგინაშვილი დღეს ფინალურ ბლოკში პირდაპირ ბრინჯაოზე ჭიდაობდა, რაკიღა გუშინ ნახევარფინალში დამარცხდა.

იქ მეტოქედ იტალიელი გაბრიელ პუჩერი ჰყავდა, ვისაც 3:1 აჯობა და დებიუტი მედლით აღნიშნა. ფიფია დამამშვიდებელში პირველივე პაექრობაში 1:2 დამარცხდა სომეხ ვაჰე ჰოვანისიანთან.

ამასობაში 8 ივლისს ევროპის ჩემპიონატში გოგონები ჩაებნენ, სადაც 3 მონაწილე გვყავს და სამივე 9 ივლისს იჭიდავებს. ნინი ციცვიძე (57) მერვედფინალიდან ჩაებმება ტურნირში სლოვაკ ლარა გორსჩთან დაპირისპირებით.

ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი (პირველი ქალია საქართველოდან, ვინც ჭიდაობაში ნებისმიერ ასაკში ევროპა-მსოფლიოზე ჩემპიონი გახდა), 17 წლის მირანდა კაპანაძე (62) საკვალიფიკაციო წრეშია, სადაც ფრანგ მარიე ვიოლეტა ანტოინეტა დუჩე ანეს შეხვდება.

ასევე 17 წლის ანი ჩაჩანიძე (65) მერვედფინალშია დაშვებული, სადაც საკმაოდ ძლიერი მეტოქე არგუნა წილისყრამ - ამ ასაკში უკრაინელთა ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ირინა ბორისიუკი.

← მთავარი