[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მსოფლიო ჩემპიონატი. U20] თითო ვერცხლი და ბრინჯაო | Lelo.Ge
საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ოქროს გარეშე, 2 მედლით - თითო ვერცხლითა და ბრინჯაოთი დაასრულა გამოსვლა ბრატისლავაში, თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ტურნირი 19 აგვისტოს სრულდება, მაგრამ ქართული ნაკრებისთვის 18-ში დასრულდა, რადგან დარჩენილ 2 წონაში - 60-82-ში ქართველი სპორტსმენები ადრევე გამოვარდნენ.
რევაზ ლაშხის ნაკრების ორივე მედალი გარდაბნელთა ანგარიშზეა. მედლები ნაკრების ორ უკიდურეს პოლუსზე მოდის - ყველაზე მჩატე და ყველაზე მძიმე წონებზე: მძიმეწონოსან საბა ფურცელაძის მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს დღეს ვერცხლი კობა ქარუმიძემ დაუმატა 55 კილოგრამში.
ბრინჯაოსთვის ბრძოლები კი დღესაც წააგო ქართულმა გუნდმა - 2 ქართველი იბრძოდა და ორივე დამარცხდა: თბილისელი ალექსანდრე რუსტაშვილი (72) მე-7, ხოლო დედაქალაქის სახელით მოასპარეზე ახალქალაქელი არმან მკრტიჩიანი - მე-5 ადგილზე.
გუშინ დამამშვიდებელში 3 ქართველი დამარცხდა. ქარუმიძეს ფინალში იოლი მეტოქე არ ეყოლებოდა - 2-წლამდელებში აზიის წლევანდელი ჩემპიონი და ჭაბუკებში მსოფლიოს 2024 წლის გამარჯვებული ირანელი არმინ საადი შამსიპურჰაჯი.
ჩვენმა ათლეტმა ბევრი ვერაფერი გააწყო მასთან და 2:12 წააგო. თუმცა 19 წლის ქარუმიძისთვის ვერცხლი მაინც წარმატებაა. მით უფრო, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ მოიპოვა მედალი.
აქამდე ის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი იყო სამ ასაკში - 17, 20 და 23-წლამდელებში. მსოფლიოზე კი ერთადერთი ბრინჯაო ჰქონდა მონაპოვები 2023 წელს ჭაბუკებში. მის კარიერაში აქამდე ვერცხლიც მხოლოდ ერთი იყო - შარშან 23-იანებში ევროპის ფინალი იჭიდავა, ახლა კი მეორე ვერცხლი მოიპოვა და თან - ბევრად უფრო ღირებული.
მკრტიჩიანმა დამამშვიდებელში 2 შეხვედრა მოიგო: თურქ ემირ ომერ ბოზბაგს 9:5 აჯობა, უნგრელ ვენდელ როლანდ ვიტაის კი ქულის უპირატესობით გაცდა ფრედ, 1:1 დასრულებულ შეხვედრაში. ბრინჯაოსთვის პაექრობაში მისი მეტოქე ამ ასაკში სომეხთა მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ერიკ ტერ მატევოსიანი იყო, ვისთანაც მკრტიჩიანი დასანანად დამარცხდა: ეს პაექრობაც ფრედ დასრულდა, 3:3, თუმცა ქულის უპირატესობა ამჯერად მეტოქის მხარეს იყო და ბრინჯაოც მატევოსიანს დარჩა.
რუსიტაშვილი 20-წლამდელებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, წლევანდელი სეზონი კი ჩააგდო - ევროპაზეც მე-7 ადგილზე გავიდა და მსოფლიოზეც. ის დამამშვიდებელში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ასევე სომეხთან - გორ ხაჩატრიანთან: 1:6.
18 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატში ბერძენ-რომაელთა დარჩენილი ორი წონის - 60-82-ის ახალგაზრდებიც ჩაებნენ, თუმცა ჩვენი სპორტსმენები წარუმატებლად გამოვიდნენ. ამ ასაკში თბილისელი ევროპის მესამე პრიზიორი კახაბერ გოგინაშვილი (60) საკვალიფიკაციოში 3:11 დამარცხდა ჩინელ ზიმინ დინთან.
საკვალფიკაციოში წააგო ოზურგეთელმა ლუკა ფიფიამაც (82), თუმცა მას ძლიერი მეტოქე ერგო: 23-იანებში აზერბაიჯანელთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და 20-იანებში - მესამე პრიზიორი. ჩვენებს სანუგეშოში გადასვლის შანსი აღარ მიეცათ.
18 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატში გოგონებიც ჩაებნენ, თუმცა ჩვენი სამეულიდან პირველი წარმომადგენელი ხვალ, 19 აგვისტოს ჩაებმება ტურნირში. ესაა ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მირანდა კაპანაძე (62), ვინც საკვალიფიკაციოდან თავისუფალია, პირველ პაექრობას კი მერვედფინალში ჩაატარებს, სადაც ჭაბუკებში უნგრელთა მსოფლიოს შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ ბარბარა ბაგერსა და იაპონელ საკურა ონიშის შორის მოგებულს შეხვდება.
ეს ონიში არა მარტო ამ წონის, ვინძლო, მთელი ტურნირის მთავარი ვარსკვლავიც იყოს: 20 წლისაა და უფროსებში უკვე მსოფლიოს ჩემპიონიცაა და აზიისაც. აქ საუბარია არცაა ასაკობრივ ნაკრებებზე, სადაც 17, 20 და 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონია. 2023 წლიდან მას ოფიციალური ტურნირი არ წაუგია, 2019-დან მოყოლებული კი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 2022 წელს ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წააგო.