← მთავარი
სპორტი

[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] კრახი დებიუტშივე | Lelo.Ge

7 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] კრახი დებიუტშივე | Lelo.Ge

6 ივლისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის, რომელშიც პირველები “ბერძენ-რომაელები” ჩაებნენ.

გაიმართა წინასწარი ეტაპის შეხვედრები 5 წონაში, თუმცა ჩვენმა გუნდმა ფრიად არასახარბიელო სტარტი აიღო - ხუთივე ფალავანი ნაადრევად დამარცხდა და მედლის მოპოვების ყოველგვარი შანსი დავკარგეთ.

55 კილოგრამში 23-წლამდელებში ევროპის შარშანდელი ფინალისტი და წლევანდელი მესამე პრიზიორი, გარდაბნელი კობა ქარუმიძე ჭიდაობდა, ვინც საკვალიფიკაციოშივე დამარცხდა მოლდოველ მაქსიმ სარმანოვთან - 6:7.

სარმანოვი რა დონეცაა, მომდევნო შეხვედრაშივე დაადასტურა რუმინელ ვლად იოან ტრიპთან წაგებით, რითაც ჩვენებურს საბოლოოდ გადაუკეტა მედლისკენ მიმავალი გზა.

ამ ფონზე მით უფრო მოულოდნელია ქარუმიძის მარცხი, ვინც 20-წლიანებში ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორია, ანუ 20 და 23-წლიანებში ბოლო ორი სეზონია, უმედლოდ არ რჩება, წლეულს კი უფროსებში გახდა საქართველოს ჩემპიონი (თუმცა კი მსოფლიოს ჩემპიონ ვახტანგ ლოლუას არყოფნაში).

კიდევ ერთმა გარდაბნელმა გიორგი ჭიკაიძემ (63) პირველ წრეში კი იმარჯვა - ამ ასაკში აზერბაიჯანელთა ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი თურალ აჰმადოვი წმინდად, 9:0 დაამარცხა, მაგრამ მომდევნო პაექრობა 2:4 დათმო რუმინელ იონუტ მერეუტასთან.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ქუთაისელი გიორგი გოგელაშვილი (77) - 6:7 დათმო რუს ნაზარ ბერკოვსკისთან და მერე არც მას აღარ მიეცა დამამშვიდებელ წრეში გადასვლის საშუალება.

თუმცა გოგელაშვილს ცოტათი ის მაინც ამართლებს, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და პირველად იჭიდავა 20-წლამდელებში ამ რანგის შეჯიბრებაზე. ისე კი ევროპის ჩემპიონატი მისთვის უცხო სულაც არაა - 17-წლამდელებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონია.

ჩვენებიდან დღეს ყველაზე მეტი - 2 შეხვედრა აჭარის წარმომადგენელმა ლუკა კოჩალიძემ (87) მოიგო. ის ჯერ 18 წლისაა, თუმცა შარშან 20-წლამდელებში ნამდვილი ტრიუმფი მოიწყო და დუბლი შეასრულა ანუ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. სამწუხაროდ, ამჯეტრად არათუ ტიტულს შენარჩუნება, მედლის მოპოვებაც ვერ შეძლო.

მან საკვალიფიკაციოში 3:0 დაამარცხა ავსტრიელი პაულ მაიერი, ვისაც შარშანდელ ევროპირველობაზეც მოუგო, შემდეგ 8:5 აჯობა პოლონელ სტანისლავ ბართლომეი ფუსის, რასაც მეოთხედფინალში 1:3 მარცხი მოჰყვა რუმინელ გაბრიელ ედუარდო სტანთან.

ჩვენდა სამწუხაროდ, რუმინელი ნახევარფინალში რუს მიხაილ შკარინთან დამარცხდა და კოჩალიძემაც დაასრულა ევროპირველობა. ამ წონაში ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებს ისრაელის სახელით მოჭიდავე იცხაკ შონ ნემსაძე.

საკვალიფიკაციო ეტაპზევე დამარცხდა მესამე გარდაბნელიც, ამ ასაკში ევროპის შრშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი საბა ფურცელაძეც - 1:3 წააგო უნგრელ კოპანი სიმონ ლასლოსთან.

7 ივლისს ევროპის ჩემპონატში წინასწარი ეტაპის შეხვედრებს “მეორე ხუთეული” ჩაატარებს. თბილისელი დებიუტანტი კახაბერ გოგინაშვილი (60) საკვალიფიკაციო წრეშივე იჭიდავებს - ნორვეგიელ სტორმ კლოევსტად რიდენთან, მოგებული კი მერვედფინალში ლიეტუველ ემილის ნევერაუსკასს შეხვდება.

17 წლის ოზურგეთელი ერეკლე თავბერიძე, ვინც 17 და 15-წლამდელთა შორის ევროპის ოთხგზის ჩემპიონია, 20-წლამდელებში პირველად ჭიდაობს. ის მერვედფინალიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც იტალიელ ალესიო არანჩიოს და ნორვეგიელ ანდრეას ფჯელდსტადს შორის მოგებულს შეხვდება.

თბილისელი ალექსანდრე რუსიტაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგშია ჩასული და ტიტულის დაცვასაც შეეცდება. ის საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც გერმანელ ფინ ოლავ კუნს შეხვდება. მოგებულს მერვედფინალში პოლონელი კასპერ გოლონკა ელოდება.

18 წლის ოზურგეთელი ლუკა ფიფია 15-წლამდელებშ ევროპის მესამე პრიზიორია, თუმცა ამ ასაკში კონტინენტის პირველობაზე პირველად ჭიდაობს. ის მერვედფინალიდან დაიწყებს გამოსვლას, სადაც ამ ასაკში ბელარუსთა მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელ მესამე პრიზიორ კირილ ვალეუსკის შეხვდება.

ევროპირველობის დებიუტანტია კიდევ ერთი თბილისელი, თუმცა კი წარმოშობით ნინოწმინდელი არმან მკრტიჩიანი (97), ვინც ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონია. ის საკვალიფიკაციოში თავისუფალია, მერვედფინალში კი ამ ასაკში სომეხთა ევროპის შარშანდელ მესამე პრიზიორ ერიკ ტერ მატევოსიანსა და პოლონელ იასინ ბენ ლაბედს შორის მოგებულს შეხვდება.

← მთავარი