[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] მეორე დღე უკეთესი იყო...
ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისთვის ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე პირველზე გაცილებით წარმატებული გამოდგა.
7 ივლისს ტურნირში ჩაბმული “მეორე ხუთეულიდან” 3 აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას: 1 ოქროს, 2 კი ბრინჯაოსთვის. ფინალში თბილისელი არტურ მკრტიჩიანი გავიდა 97 კილოგრამში. მეორე თბილისელი - კახაბერ გოგინაშვილი (60) დღეს ნახევარფნალში დამარცხდა და ამიტომ ოთხშაბათის ფინალურ ბლოკში პირდაპირ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, ოზურგეთელი ლაშა ფიფია (82) კი დამამშვიდებელი წრიდან ეცდება მედლის მოპოვებას.
მკრტიჩიანი ამ ასაკში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია და მერე საერთაშორისო ტურნირებშიც დაიმსახურა ევროპირველობაზე ჭიდაობა. მას საინტერესო ისტორია აქვს: თბილისის სახელით კი გამოდის, თუმცა ნინოწმინდელია.
ის და 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი, ახალქალაქელი გორ აივაზიანი (97) ახალგაზრდა მწვრთნელმა ვაჟა ბოძაშვილმა ჩამოიყვანა თბილისში სავარჯიშოდ, თავიდან თავისთან აცხოვრებდა და ორივეს შვილით თან ჰყვებოდა. დაუფასდა კიდეც - აივაზიანი უკვე გახდა ევროპის ჩემპიონი, მკრტიჩიანი კი ერთ ნაბიჯშია ამასთან.
მკრტიჩიანი თავიდან 87-ში გამოდიოდა და საქართველოში იქაც ლიდერთა შორის იყო, თუმცა წლეულს 97-ში გადმოინაცვლა, საქართველოს ჩემპიონატში სხვებთან ერთად აივაზიანსაც მოუგო და ჩემპიონიც გახდა.
მან სკოპიეშიც, ევროპირველობის მასპინძელ ქალაქშიც ძლიერად იჭიდავა და დამსახურებულად გავიდა ფინალში. ის მერვედფინალიდან ჩაერთო ტურნირში, სადაც 7:5 სძლია პოლონელ იასინ ბენ ლაბედს. შემდეგ წმინდად, 8:0 დაამარცხა რუმინელი ვლად გაბრიელ პეტრეანი, ნახევარფინალში კი ასევე დამაჯერებლად, 7:1 აჯობა ფინელ პაული იუჰანი პერკიეს.
მკრტიჩიანს ფინალში სერიოზული მეტოქე ჰყავს - 23-წლამდელებში უკრაინელთა წლევანდელი ჩემპიონი ეჰორ იაკუშენკო. მას შარშან ჩინებული სეზონი ჰქონდა - ორ ასაკში, 20 და 23-წლამდელებში გამოდიოდა და ორივეგან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალში გავიდა.
ამ ოთხი ფინალიდან მხოლოდ 20-წლამდელთა ევროპირვერლობაზე დამარცხდა ანუ ვერცხლს დასჯერდა, 23-იანებში კი დუბლი შეასრულა - გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ამასთან, მსოფლიოს ჩემპონი 20-წლამდელებშიც გახდა. არადა, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.
თუმცა, როგორც უნდა დასრულდეს ხვალინდელი ფინალი ამ წონაში, მისი შედეგი დებიუტანტ მკრტიჩიანს მაინც ჩაეთვლება აქტივში.
გოგინაშვილიც დებიუტანტია და პირველივე ჯერზე ახლოსაა მედალთან. ის ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, სადაც 10:0 გაანადგურა ნორვეგიელი სტორმ კლოევსტად რიდენი.
ლიეტუველ ემილის ნევერაუსკასს 5:3 აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში 6:5 დაამარცხა 17-წლამდელებში ევროპის შარშანდელი სომეხი ჩემპიონი მარატ აცემიანი. ნახევარფინალში გოგინაშვილი 0:10 დამარცხდა რუს ილია პანიუტინთან.
ვინ იქნება მისი მეტოქე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, ეს ხვალ გაირკვევა დამამშვიდებელი წრის შეხვედრებით: ჯერ სლოვაკი ნიკოლას პალენიკისა და იტალიელი გაბრიელე პუჩერის პაექრობაში გამოვლინდება გამარჯვებული, ვინც მერე შვეიცარიელ ლევინ მაიერს შეხვდება და აი, სწორედ, ამათში მოგებული იჭიდავებს გოგინაშვილთან ბრინჯაოსთვის.
ფიფია პირველივე შეხვედრაში 1:10 დამარცხდა ახალგაზრდებში ბელარუსთა მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ კირილ ვალეუსკისთან, ვინც მერე ფინალში გავიდა და ჩვენებურს მედლის მოპოვების შანსი მისცა.
დამამშვიდებელში ფიფია პირველად სომეხ ვაჰე ჰოვანისიანს შეხვდება და თუ მოუგებს, ბრინჯაოსთვს ბრძოლის უფლებასაც მოიპოვებს, იქ კი მეტოქედ თურქი ისმაილ ბერეკეტი დახვდება, 17-წლამდელებში მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორი.
დღეს ჩვენთვის ყველაზე მოულოდნელი და გულდასაწყვეტი ამ ასაკში ევროპის მოქმედი ჩემპიონის, თბილისელ ალექსანდრე რუსიტაშვილის (72) მარცხი იყო. არადა, ტურნირში ძლიერად კი ჩაება და 2 შეხვედრა წმინდადაც მოიგო: 9:0 გერმანელ ფინ ოლავ კუნსთან და 8:0 პოლონელ კასპერ გოლონკასთან. რუსიტაშვილი მეოთხედფინალში 1:2 დამარცხდა სომეხ ნარეკ გრიგორიანთან, რაც ტურნირიდან გამოთიშვად დაუჯდა.
20-წლამდელებში წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა ჭაბუკებში ოზურგეთელთა ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ერეკლე თავბერიძეს (67): პირველ პაექრობაში იტალიელი ალესიო არანჩიო წმინდად, 9:0 კი დაამარცხა, თუმცა მეორე შეხვედრა თვითონაც ასეთივე ანგარიშით წააგო ბელარუს მიხაილ მარკოუსკისთან. ჩვენდა სამწუხაროდ, ფინალში ვერც ის გავიდა და თავბერიძეც გამოეთიშა შეჯიბრებას.