← მთავარი
მსოფლიო

„ბენზინი არ არის“ - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის გასამართ სადგურებზე სრული დეფიციტია

3 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„ბენზინი არ არის“ - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის გასამართ სადგურებზე სრული დეფიციტია

„ბენზინი არ არის“ - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის გასამართ სადგურებზე სრული დეფიციტია.

ქალაქის მართვის მუნიციპალურმა ცენტრმა ადგილობრივ მოსახლეობას 3 ივლისს სოციალური ქსელებით შეატყობინა, რომ „ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი არ არის“.

ბენზინის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ბარათებით კომუნალური სამსახურების, სამედიცინო დაწესებულებების, სამაშველო სამსახურის და პირველადი საჭიროების პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ავტოტრანსპორტისთვის.

ნოვოროსიისკში იწურება დიზელის საწვავის რაოდენობაც და 3 ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ რვა გასამართ სადგურზე იყო დარჩენილი.

Reuters: საწვავის დეფიციტის გამო რუსეთი ინდოეთისგან ყიდულობს ბენზინს

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე უკრაინის თავდაცვის ძალების ინტენსიური დარტყმების შედეგად, ივნისიდან რუსეთის რეგიონებში საწვავის მწვავე ნაკლებობას და გაძვირებას განიცდიან.

რუსეთის ოლქებში ბენზინის და დიზელის საწვავი ან ლიმიტირებულად იყიდება, ან საერთოდ არ არის. სრული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა ანექსირებული ყირიმიც.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ 1 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემებით, მხოლოდ ერთ კვირაში ბენზინი 1,6%-ით, ხოლო დიზელის საწვავი 2,23%-ით გაძვირდა.

პუტინმა უკრაინის დარტყმებით შექმნილი პრობლემები და საწვავის დეფიციტი აღიარა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთზე დარტყმები არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ თავდასხმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.

კიევში გლოვის დღეა

← მთავარი