← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ბელგია 3:2 დდ სენეგალი. სიგიჟე სიეტლში - "წითელი ეშმაკების" დრამატული "ქამბექი" | Lelo.Ge

2 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ბელგია 3:2 დდ სენეგალი. სიგიჟე სიეტლში -

მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი

ბელგია 3:2 დდ სენეგალი

02.07. სიეტლი. “ლუმენ ფილდი”. 72 237 მაყურებელი

გოლები: 0:1 ჰ. დიარა (25), 0:2 ი. სარი (51. ნიახატის პასით), 1:2 ლუკაკუ (86. მენიეს პასით), 2:2 ტილემანსი (89. ტროსარის პასით), 3:2 ტილემანსი (120+5-პენ)

ბელგია (4-2-3-1): კურტუა 6.7 - კასტანიე 6.8, მეშელი 6.6, ტეატი 7.7, დე კუიპერი 6.1 (78. მენიე 7.5) - ტილემანსი 8.6, ვანაკენი 6.7 (63. მორეირა 6.3) - ტროსარი 8.4 (109. ონანა 6.4), დე ბრუინი 6.6 (56. რასკინი 6.6), დოკუ 6.6 (56. ლუკებაკიო 7.0), დე კეტელერი 6.3 (46. ლუკაკუ 7.5)

მწვრთნელი: რუდი გარსია

სენეგალი (4-3-3): დიავი 5.3 - დიატა 6.6, სისი 6.8, ნიახატი 7.5, ჯეკობსი 5.8 (93. მ. დიუფი) - ჰ. დიარა 7.9 (73. პ. სარი), ი. გეიე 6.1 (86. ს. ნდიაიე), პ. გეიე 5.5 (66. კამარა 5.1) - ი. ნდიაიე 6.9 (73. ი. მბაიე 6.5), მანე 6.8 (93. ჯექსონი 6.3), ი. სარი 7.3

მწვრთნელი: პაპე ტიავი

გაფრთხილება: მეშელი (64), კამარა (67)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: იური ტილემანსი (ბელგია)

არბიტრი: ს. მარტინესი (ჰონდურასი)

ბელგიისა და სენეგალის ნაკრებთა უდავოდ ყველაზე დრამატული იყო მიმდინარე მუნდიალზე. თამაშის ძირითად დროში ბელგიამ სულ 10-15 წუთი ითამაშა ფეხბურთი, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენის გასაბათილებლად ესეც ეყო.

მატჩის მეტი წილის განმავლობაში კი “ტარანგას ლომები” მეტოქეზე უკეთესები იყვნენ და იგებდნენ კიდეც ჰაბიბ დიარასა და ისმაილა სარის გოლებით. სარის გოლი სულაც შედევრი იყო მუსა ნიახატის საოცარის პასის ჩათვლით…

ბელგიას თითქოს არ ჰქონდა არგუმენტი თამაშის შემოსატრიალებლად, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი დადგა 56-ე წუთზე, როცა რუდი გარსიამ სკამდე დასვა კევინ დე ბრუინი და ჟერემი დოკუ, ხოლო მათ ნაცვლად ასპარეზი რომელუ ლუკაკუსა და ნიკოლა რასკინს დაუთმო, მერე კი თამაშში ტომა მენიეც ჩართო.

ძირითადი დროის ბოლომდე ჯერ ლუკაკუმ მიითვალა გოლი იმავე მენიეს პასით, ხოლო კომპენსირებული დროის მიწურულს იური ტილემანსმაც შეაგდო ლეანდრო ტროსარის (არადა, ცოტა ხნით ადრე ტროსარმა და ტილემანსმა ლამის ერთმანეთზე გაიწიეს) გადაცემით.

დამატებითი დროის ბოლოს კი დადგა მატჩის კიდევ ერთი კულმინიცია - პენალტი აფრიკელთა კარში, რომელიც ვიდეორეფერიზე გადამოწმების შედეგად დაინიშნა და ტილემანსის ბრწყინვალე შესრულება ბელგიისთვის მერვედფინალის საგზურის მომტანი აღმოჩნდა.

გულწრფელად შეგეცოდებოდა კაცს სენეგალის ნაკრები. რომ არა მეკარის, მორი დიავის შეცდომა, მისი გუნდი, უდიდესი ალბათობით, გავიდოდა მერვედფინალში. და როგორ გინდა, ამ დროს არ გაგახსენდეს აფრიკელთა ძირითადი მეკარის, ედუარდ მენდის ტრავმა…

ფაქტები

ჰაბიბ დიარა გახდა მეორე ფეხბურთელი სენეგალის ნაკრების ისტორიაში, ვინც მუნდიალის პლეი-ოფში გაიტანა. პირველად ეს ანრი კამარამ შეძლო 2002 წელს შვედეთთან მატჩში.

22 წლის და 179 დღის ჰაბიბ დიარა გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც აფრიკული ნაკრების შემადგენლობაში მუნდიალის პლეი-ოფში გაიტანა.

ბელგიის ნაკრებს 17-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს.

სენეგალი გახდა პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც ერთ კონკრეტულ მუნდიალზე 10 გოლი გაიტანა.

18 წლის და 158 დღის იბრაჰიმ მბაიე გახდა ყველაზე ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშა.

მსოფლიოს 2018 წლის მერვედფინალში ბელგიის ნაკრები 69-ე წუთამდე ორი ბურთით (0:2) აგებდა იაპონიასთან, თუმცა თამაში შემოატრიალა და 3:2 მოიგო. მსგავსი ისტორიაა, ოღონდ, “წითელ ეშმაკებს” ამჯერად დამატებითი დრო დასჭირდათ.

← მთავარი