ბელარუსი ბირთვული იარაღის „საბრძოლო გამოყენების” წვრთნებს რუსეთთან ერთად იწყებს
ბელარუსმა 18 მაისს, რუსეთთან ერთობლივი „ურთიერთქმედებით”, დაიწყო „ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული უზრუნველყოფის სამხედრო ნაწილების” სწავლებები. წვრთნებს ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სწავლება „გეგმური” ხასიათისაა — გამართულია „შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად, მათ შორის სპეციალური საბრძოლო მასალების გამოყენებისთვის.” სამინისტრო ხაზს უსვამს: „სწავლება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.” სწავლებებში მონაწილეობენ სარაკეტო ჯარები და ავიაცია.
კონტექსტი
რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი 2023 წლიდან განათავსა — უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მომდევნო პერიოდში. ამ იარაღის გარდა, ბელარუსში განლაგებულია „ორეშნიკის” სარაკეტო სისტემა, რომლის ბირთვული კომპლექტის გამოყენებაც შესაძლებელია. ბოლო ერთობლივი სწავლება „დასავლეთი 2025” გასული წლის სექტემბერში ჩატარდა.