"ყოველ ჯერზე მაფერხებენ" — ბექა ქურხული სამშობლოში დაბრუნების დროს შინაგან სამინისტროზე საუბრობს
ბექა ქურხული ამბობს, რომ უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებისას მისი ყველა კოლეგა საპასპორტო კონტროლი შეფერხების გარეშე გაიარა, ის კი ყოველ ჯერზე შეაჩერეს. ეს სამ შემთხვევაში მოხდა.
„მეუბნებიან, რომ პროგრამული შეფერხებაა, მაყოვნებენ ძალიან დიდხანს — არ ამბობენ, რატომ ან რამდენ ხანს. გაყურყუტებენ, მერე პასპორტს მოგაჩეჩებენ და გიშვებენ. ვფიქრობ, ეს უმწეო ფსიქოლოგიური შანტაჟის მცდელობაა. ამათი დაკავების შემეშინებოდა რომ, ოთხჯერ არ ჩავიდოდი უკრაინაში,” — განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.
ქურხულის თქმით, სასაზღვრო პოლიციამ 3 ივნისსაც შეაჩერა — მოლდოვის გავლით უკრაინიდან დაბრუნებისას. 9 ივნისს „პროგრამული ხარვეზის” მიზეზით დაახლოებით 15 წუთი გააჩერეს, შემდეგ კი გაჩხრიკეს.
„რაღაცას წვალობენ… ვიცი, რაშიც არის საქმე — უკრაინაში ომი…” — ამბობს ის.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა; პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.