73 მატჩი ეროვნულ ნაკრებში, უთამაშია საქართველოს წინააღმდეგ... ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ცენტრალური მცველი წარადგინა... | Lelo.Ge
სატრანსფერო აკრძალვის მოხსნის შემდეგ ბათუმის “დინამომ” ბულგარეთის ნაკრების კაპიტნის, ივან ტურიცოვის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული გუნდის ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა.
სანდრო ალთუნაშვილის დაბრუნებაზეც უკვე გითხარით, ბათუმელებმა ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მოთამაშე დირკ კარლსონიც დაიმატეს და ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაუფორმეს.
ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. 28 წლის კარლსონს უთამაშია შვეიცარიულ “გრასჰოპერსში”, გერმანულ “კარლსრუესა” და “აუეში”, ნიდერლანდურ “დენ ჰააგსა” და ავსტრიულ “სტ. პოლტენში”.
დაცვის ცენტრის გარდა, მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში. ლუქსემბურგის ნაკრებში 73 შეხვედრა ჩაატარა. ტრავმის გამო არ უთამაშია საქართველოსთან 2024 წლის 21 მარტის ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში.
სამაგიეროდ, გვეთამაშა 2018 წლის ივნისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც მისმა ნაკრებმა 1:0 მოგვიგო. ასეთი გამოცდილების მქონე მოთამაშე ურიგო შენაძენი არ უნდა იყოს.
სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, ბათუმის “დინამოში” 32 წლის ბრაზილიელის ფორვარდის, მაურიდესის გადმოსვლასთან დაკავშირებითაც. ეს ამბავი ჯერ არ გაოფიციალურებულა. ლაპარაკია ბათუმელებთან 2-წლიან კონტრაქტის გაფორებაზე.
მაურიდესი ბოლო დრომდე პოლონური ექსტრაკლასას ბინადარ “რადომიაკის” ღირსებას იცავდა. ამას გარდა, უთამაშია უნგრულ “დებრეცენსა” და გერმანულ “სანკტ პაულიშიც”.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ბათუმელებმა კონტრაქტი გაუფორმეს ისრაელელ საყრდენ ნახევარმცველს, ავაკა ეშეთეს იერუსალიმის “ჰაპოელიდან”, სპორტულ დირექტორად კი უნგრული “დებრეცენსა” და სომხურ “ნოაში” ნამუშევარი ჰაიკ ჰოვაკიმიანი დაინიშნა.