ბათუმში 43 წლის კაცი ხალხმრავალ ადგილზე ჩაცხრილეს
ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 43 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა 31 მაისს, შუადღისას, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა.
ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი” თვითმხილველებზე დაყრდნობით გადმოსცემს, რომ მსხვერპლი ტროტუარზე ედგა და სილამაზის სალონში შეყვანილ ცოლს და ბავშვებს ელოდებოდა, როდესაც უცნობმა პირმა მისი მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა. „სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, მათ ელოდებოდა, მაგ დროს 7–8 ტყვია გავარდა,” — ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. კაცს ფეხებში, მუცელში და კისერში 8 ჭრილობა მიაყენეს. კლინიკაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი მსხვერპლს წინასწარ ჩაუსაფრდა. შემთხვევა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ ტერიტორიაზე მოხდა. სამართალდამცველები ამ დრომდე გაქცეულ პირს ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახი მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-შენახვა) დაიწყო.