ბათუმში ჩვილი სავარაუდოდ ხელიდან გაუვარდათ — ოჯახი ბრალს სდებს კლინიკას, თბილისი: მდგომარეობა სტაბილურია
ბათუმის ბავშვთა კლინიკაში სავარაუდოდ 20 დღის ჩვილი ხელიდან გაუვარდათ — ოჯახი ამ ვერსიას იცავს, კლინიკა კი ბრალდებას უარყოფს. ტვ პირველის ცნობით, ახალშობილს თავის ქალის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება; ოჯახი ამბობს, რომ კლინიკა ბავშვის დაჩქარებული გაწერით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდა.
„ორი კვირის იყო ბავშვი, რომ გაურთულდა ბრონქები. წავიყვანეთ ბათუმის კლინიკაში — გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილიო, ბრალს კი ოჯახს ადებენ,” — გადასცა ჩვილის მამამ ტვ პირველს.
ბავშვი 5 მაისს გადმოიყვანეს თბილისის იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში — ბათუმს ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის 24-საათიანი სპეციალიზებული სერვისი არ გააჩნია. თბილისში ჩატარდა CT კვლევა, რომელმაც „თავის ტვინის ტრავმის რადიოლოგიური სურათი” გამოავლინა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე 18 მაისს განმარტავს, რომ ახლა ბავშვს 1 თვე და 3 კვირა შეუსრულდა. „პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური. ყველა კლინიკური, ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, წონაში მატება აღენიშნა, ბუნებრივ კვებაზეა,” — ამბობს ჩხაიძე.
ჩხაიძის თქმით, ბავშვი გაწერის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. „ბავშვის ბინაზე გაწერა არ ნიშნავს, რომ ზედამხედველობა სრულდება — გეგმურად სჭირდება ნეიროქირურგის კონსულტაცია ერთ თვეში, ასევე ელექტროენცეფალოგრაფია.” მშობლებიც, მისი თქმით, გაწერის წინააღმდეგი არ არიან.
გულყრა, რომელიც ბათუმში გამოეჩინა, კლინიკაში შემოყვანის შემდეგ აღარ განმეორებულა.