ბასილაშვილი სეზონის საუკეთესო ტურნირს ატარებს — რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2026 წლის სეზონის საუკეთესო ტურნირს ატარებს — და ეს ყველაფერი ჩოგბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას, რომის მასტერსს, დაემთხვა.
კვალიფიკაციის ეტაპზე ორი გამარჯვების შემდეგ, ნიკოლოზმა ძირითად ბადეში კიდევ სამ მეტოქეს სძლია და მერვედფინალში გავიდა. დღეს, 17:30 საათზე (თბილისის დრო), BNP Paribas Arena-ზე — რომის სიდიდით მეორე, 16 100 მაყურებელზე გათვლილ კორტზე — შეხვდება მსოფლიოს მე-14 ნომერ, 28 წლის რუსს ანდრეი რუბლევს. ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი 3:4 ჩამორჩება.
ბოლო ორ მატჩს ქართველი გულშემატკივრები კორტის ტრიბუნებიდან პირდაპირ ადევნებდნენ თვალს, მუდმივი შეძახილებით ამხნევებდნენ. ნაკაშიმაზე გამარჯვებაც ნიკოლოზმა სწორედ მათთან ერთად აღნიშნა — ემოციურად.
თუ ბასილაშვილი დღეს რუბლევს სძლევს, მეოთხედფინალში დიდი ალბათობით მსოფლიოს პირველ ჩოგანს, იტალიელ იანიკ სინერს, შეხვდება.
ქულობრივი სიტუაცია: ბასილაშვილი ამ ტურნირამდე -100 ქულით მოვიდა, ვინაიდან გასულ წელს ამ პერიოდში ბორდოს ჩელენჯერის ფინალამდე მიაღწია. რომში მიმდინარე შედეგებით 130 ქულა დაიგროვა, რაც -100-ის გათვალისწინებითაც, რეიტინგში 5-ით წინ წაწევასა და მე-112 პოზიციას ნიშნავს. რუბლევზე გამარჯვების შემთხვევაში კიდევ 100 ქულა მიემატება — ეს ასეულში დაბრუნებასა და დაახლოებით 90-ე ადგილს ნიშნავს.
ამ ეტაპის საპრიზო მონაგარი 92 470 ევრო გახლავთ, მერვედფინალის გამარჯვების შემდეგ კი 169 375 ევრომდე გაიზრდება.