← მთავარი
სპორტი

[ჩოგბურთი] ბასილაშვილის სარევანშო შანსი | Lelo.Ge

7 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ჩოგბურთი] ბასილაშვილის სარევანშო შანსი | Lelo.Ge

გერმანულ ბრაუნშვეიგში დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 111-ე) მე-6 ნომრადაა განთესილი. 7 ივლისს სტარტზე იგი ვილიუს გაუბასთან (ლიეტუვა, 129-ე) გაარკვევს ურთიერთობას. საგულისხმოა, რომ ორი წლის წინ (2024 წლის 27 ივლისს) მეტოქეები იტალიურ ვერონაში შეხვდნენ ერთმანეთს და ბალტიისპირელმა მაშინ 2:1 (4:6, 6:0, 7:5) გაიმარჯვა. ასე რომ, ბასილაშვილს რევანში აქვს ასაღები.

ამავე დღეს გერმანიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (W100) ასპარეზობის მე-7 ნომერი ეკატერინე გორგოძე სასტარტო შეხვედარას სლოვაკ მია პოჰანკოვასთან გამართავს.

წყვილებში გორგოძე კატერინა ციგუროვასთან (შვეიცარია) არის შეამხანაგებული. ქართულ-შვეიცარიული დუეტი პირველ წრეში მარტინა კაპურო ტაბორდასა (არგენტინა) და ფერნანდა ლაბრანას (ჩილე) დაუპირისპირდება.

ზოზია ქარდავა პორტუგალიაში იმყოფება და ქალაქ კოროიოს-სეიშალში ქალთა ტურნირის (W50) საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი. ჯერ პორტუგალიელი მადელამა მატიასი დაჯაბნა - 6:2, 6:3, კვალიფიკაციის ფინალში კი სედა ბასლიარს (საფრანგეთი) სძლია 6:2, 7:6 და მთავარ ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენებური აქ ასპარეზობის მეორე ნომერს - ჰანე ვანდევუნკელს (ბელგია) გაუწევს მეტოქეობას.

საბა ფურცელაძემ ბელგიის ქალაქ ლიეჟში ჩოგბურთელ ვაჟთა ჩელენჯერტურნირის კვალიფიკაციის პირველ წრეში ფრანგი ედუარდ ვილოსლადა დაამარცხა - 4:6, 6:1, 6:0, მერე კი 2 საათსა და 44 წუთში ტაივანელ ცუნგ-ჰაო ჰუანგთან წააგო - 6:7, 6:2, 3:6.

← მთავარი