„25 წლამდე მხოლოდ რუკაზე ვიცოდი, სად იყო საქართველო” — ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი
„ორ გვარს ვატარებ — ჩემსას და მეუღლისას. ოთხი შვილი მყავს. წარმოშობით შვეიცარიელი ვარ. 25 წლამდე მხოლოდ რუკაზე ვიცოდი, სად იყო საქართველო — ბავშვობაში ამ რეგიონთან არანაირი შეხება არ მქონია. აქ პირველად 2000 წელს ჩამოვედი. პროფესიით პედაგოგი ვარ, ჟენევის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობები ვისწავლე და პოლიტოლოგი ვარ, საერთაშორისო მიმართულებით,” — ამბობს ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი, შვეიცარიელი ქალბატონი, რომელსაც საქართველო ერთი ნახვით შეუყვარდა.
თბილისში ის ადგილობრივებს კარგად ეცნობათ: ბოლო წლებში თბილისის საკრებულოს დეპუტატი იყო.
„ამჟამად საქართველოში გერმანულს ვასწავლი, როგორც უცხო ენას. თბილისში ორი სკოლის დამფუძნებელი ვარ. 2010 წელს ვიყავი სკოლა „ლოგოსის” თანადამფუძნებელი, სადაც გერმანულსაც ვასწავლიდი. მერე 10 წელი ვალდორფის სკოლაშიც ვასწავლიდი. 2017 წელს კი დავაარსეთ ახალი ვალდორფის სკოლა და ბაღი — „ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისზე”. ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, სადაც გერმანულს ვასწავლი და სასწავლო ნაწილს ვხელმძღვანელობ.”
საქართველოში ბარბარა 2000 წელს, სრულიად სპონტანურად მოხვდა — სკაუტური მოძრაობის ხაზით. აზერბაიჯანში ჩასული, ქართველები გაიცნო და ოთხ დღეში ნახა თბილისი და ბათუმი.
„2002 წელს გადავწყვიტე, ჩემი პროფესიით — საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო ნაშრომი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე დამეწერა. აქ ჩამოსული, საათობით ვიჯექი არქივებსა და საჯარო ბიბლიოთეკაში. აი, ასე ნელ-ნელა დაიწყო ყველაფერი,” — გვიყვება ბარბარა, რომელიც ქართულად მშვენივრად საუბრობს.
გაცვლითი პროგრამის ჩარჩოში, ბარბარამ და მისმა მეგობრებმა შვეიცარიაში ქართველები ჩაიყვანეს, ტრენინგები ჩაუტარეს. თავად ყოველ წელს — 2001-დან 2005-მდე — ჩამოდიოდა. ასე განმტკიცდა კავშირი, გაიბა მეგობრობა, სანამ ოჯახი და სახლი სრულად ამ ქვეყანასთან არ დაუკავშირდა.