26 მაისიდან ბაქო-თბილისის მატარებლის ბილეთი 127.9 ლარი იქნება
26 მაისიდან, 6-წლიანი შეჩერების შემდეგ, ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა ბაქოსა და თბილისს შორის აღდგება. აზერბაიჯანული რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთის ფასი დაახლოებით 127.9 ლარი (81 მანათი) იქნება.
მარშრუტი შვეიცარული კომპანია Stadler Rail Group-ის თანამედროვე საძინებელი ტიპის მატარებლებით შესრულდება. განრიგის მიხედვით, ბაქოდან მატარებელი ყოველდღიურად 23:10-ზე გავა და თბილისში მეორე დღეს 08:41-ზე ჩამოვა. პირიქით, თბილისიდან გამგზავრება 21:00-ზეა, ბაქოში ჩამოსვლა — 06:24-ზე.
მოგზაურობის დროიდან ორი საათი სასაზღვრო და საბაჟო შემოწმებისთვის არის გამოყოფილი: ერთი საათი აზერბაიჯანის საზღვარზე, ერთი — საქართველოს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მატარებელი გაჩერდება ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსთაფასა და ბოიუკ-კესიკში. საქართველოში გაჩერება იქნება გარდაბნის სადგურსა და თბილისის ცენტრალურ სადგურზე.
18 მაისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის შემდეგ გაფორმდა საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.