ბაქო-თბილისის მატარებლის ბილეთი 127.9 ლარი იქნება — 26 მაისს გაიხსნება
ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებელი 26 მაისიდან 6-წლიანი პაუზის შემდეგ ყოველდღიურ მიმოსვლას განაახლებს. მგზავრობის საფასური 127.9 ლარი (81 აზერბაიჯანული მანათი) იქნება — ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს ინფორმაციას.
რეისები შვეიცარიული Stadler Rail Group-ის საძინებელი ტიპის თანამედროვე მატარებლებით შესრულდება. განრიგის მიხედვით, ბაქოდან მატარებელი ყოველდღიურად 23:10 საათზე გამოვა და თბილისში მეორე დღეს, 08:41 საათზე ჩამოვა. თბილისიდან ბაქოს მიმართულებით გამოსვლა 21:00 საათზე არის დაგეგმილი, ხოლო ჩასვლა — 06:24 საათზე.
ბილეთის ფასში ჩართულია საზღვრისა და საბაჟო შემოწმების დრო: ერთი საათი ითვლება აზერბაიჯანის, კიდევ ერთი — საქართველოს საზღვარზე.
გაჩერებები: აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მატარებელი ბაქოს ცენტრალურ სადგურზე, ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსთაფასა და ბოიუკ-კესიკში გაჩერდება; საქართველოს ტერიტორიაზე — გარდაბნის სადგურზე და თბილისის ცენტრალური სადგურზე.
18 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორმხრივ საკოორდინაციო პროტოკოლს, რომლის თანახმადაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.