← მთავარი
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

10 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ივნისს გამოაცხადა, რომ მინისტრ სულხან თამაზაშვილის ახალ მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. მანამდე ბახუაშვილი იმავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორს ეკავა.

ეს თამაზაშვილის მეექვსე მოადგილეა. სხვა მოადგილეები არიან: რონი მესხი, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი სახოკია, შალვა თადუმაძე და გაგა კირკიტაძე. მათ შორის დარახველიძეს და თადუმაძეს სხვადასხვა ქვეყნის სანქციები აქვთ.

„ტვ პირველის” 23 მაისის სიუჟეტის ცნობით — რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც ადასტურებს — გიორგი ბახუაშვილი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში მუშაობდა.

„ბახუაშვილი არ არის პატარა ბიჭი. მას აქვს დიდი გამოცდილება — ჯერ სამთავრობო დაცვაში, შემდეგ კი პირადი დაცვის სამსახურშიც”, — განაცხადა ჩუბინიძემ.

საყურადღებოა, რომ ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსია, ხოლო ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ივანიშვილის პირადი მცველი იყო.

← მთავარი