[VIDEO] ბაგატსკისის და უკრაინის ნაკრების მორიგი პროვოკაცია - საქართველოს ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები რიგაში უკრაინასთან 76:95 დამარცხდა - ჩვენმა გუნდმა სუსტად ითამაშა და ლოგიკური მარცხი განიცადა.
მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: სანაძე, რიდი, ოჩხიკიძე, შენგელია, ბითაძე. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა (მიხაილიუკმა სამი ჩაგვიგდო), ხშირად ფარსაც იგებდნენ, 10 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ძირითადად რიდის ძალისხმევით ანგარიში შევამცირეთ და პირველი მეოთხედი 27:30 წავაგეთ.
მეორე პერიოდის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა გუნდური ჯარიმების ლიმიტი ამოწურა, უკრაინა ისევ 10 ქულით გაგვექცა. შემდეგ კობზისტის მხრიდან რიდის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, იქვე უკრაინელთა მწვრთნელმა ბაგატსკისმა როგორც ჩანს, რაღაც შეურაცხმყოფელი უთხრა ჩვენს ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მსაჯებმა ეპიზოდის განხილვის შედეგად არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს, რიდს და კობზისტის, რომლის ანგარიშზე არცერთი ქულა არ იყო, მოედანი დაატოვებინეს. ბაგატსკისმა და თანაგუნდელებმა ის გახარებულებმა გააცილეს, ჩვენ კი ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით და პირველი ტაიმი 49:41 დასრულდა.
ეს იყო ბაგატსკისის მიერ ქართველების მიმართ მორიგი მზაკვრული საქციელი. აკი თქვა ამ დაპიპისპირებამდე მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა კოვლიარმა, რომ ქართველებთან უხეშობით და წნეხით უნდა გასულიყვნენ ფონს. არ შეიძლება მიკერძოებული მსაჯობაც არ აღინიშნოს.
დიდი შესვენების შემდეგ მეტოქემ უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რა თქმა უნდა, შედეგზე რიდის გაძევებამ დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ არ შეიძლება გუნდი ასე ერთ კალათბურთელზე იყოს დამოკიდებული და ისიც ხაზგასასმელია, რომ როდესაც ქულების უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე აგროვებს, სერიოზული მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია. ისიც ფაქტია, ბაგატსკისმა უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის შეგირდები ჯიკიჩზე გაცილებით უკეთ მოამზადა.
არასპორტული საქციელის გამო არბიტრებმა ბითაძეც გააძევეს და უცნობია, ითამაშებენ თუ არა ის და რიდი 5 ივლისს, თბილისში ესპანეთთან.
ჩვენი გუნდიდან 18 ქულით ყველაზე შედეგიანი რიდი იყო, შენგელიამ 13 ქულა ჩააგდო, სანაძემ 10, ანდრონიკაშვილმა და ბითაძემ 8-8, ბურჯანაძემ 7, მერკვილაძემ 5, ტურძილაძემ 4, ოჩხიკიძემ 3, ჯინჭარაძემ 2, ფევაძემ კი - 1.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მიხაილიუკი გახდა - 28 ქულა. კოვლიარის ანგარიშზე 20 ქულაა, ხოლო სკაპინცევმა 17 ქულა მიითვალა.