[ინტერვიუ] მეკარე, რომელმაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა: "ახალგაზრდა ცოტა თავს თუ გამოიჩენს, ეგრევე გაყიდვაზე და ფულის შოვნაზე ფიქრობენ, იმის მაგივრად, რომ ეს ფული კლუბს მოახმარო"
“გილოცავთ ბიჭებო. კომენტარებს რომ გადახედო, მოგებითაც არ არის ხალხი კმაყოფილი. ასეთი არაფერი მინახავს. აქამდე ერთ თამაშსაც რომ ვერ ვიგებდით და ეგ გვქონდა სანატრელი. ახლა ბიჭებმა გასვლაზე მოიგეს და სახლში უპირატესობით ბრუნდებიან.
რომ გაიძახით 10-კაციან გუნდს გოლი როგორ გაატანინეთო, ზოგჯერ შეხვედრას 10-კაციანი გუნდებიც ატრიალებენ. იმის მაგივრად, აქოთ და გვერდში დაუდგეთ ბიჭებს, მოგებული მატჩის მერეც ნეგატივს ეძებთ. დიდი შანსია, პირველად გავიდეთ კონფერენსლიგის პლეი-ოფში და შანსია ჯგუფშიც შევიდეთ.
თქვენ დგახართ და კიდევ რაგაც სისულელე კომენტარებს წერთ. თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, ჯიგრები ხართ, წარმატებები! მჯერა, წელს ჯგუფშიც შეხვალთ”, - ასეთი ემოციური პოსტით გამოეხმაურა ბაჩო მიქავა თბილისის “იბერია 1999-ის” საგარეო გამარჯვებას ტალინის “ფლორასთან”.
ცხადია, ეს პოსტი მხოლოდ “იბერიას” არ ეკუთვნის. ქართული კლუბების წარუმატებლობის გამო ინერციით ყველა შემთხვევაში ნეგატივი ისმის, კარგ ამბებზეც კი, და ყოფილი ფეხბურთელის რეაქცია ნიშანდლობლივი აღმოჩნდა.
ყოფილი მეკარე ბაჩო მიქავა თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილია. მან საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრებში კი 2013 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე “პირველი ნომერი” იყო. ბევრ გუნდში ითამაშა - “ლოკომოტივში”, “ტორპედოში”, ქუთაისის “ტორპედოში”, ფოთის “კოლხეთში”, თბილისის “მერანში”, “ზესტაფონში”, ბოლოს რეგიონული ლიგის “ირაოშიც” იყო, ხოლო კარიერა 2023 წელს დაასრულა…
ქართული გუნდს გამხნევება სჭირდება
- 2023 წლიდან ფეხბურთს ჩამოშორდით და რას საქმიანობთ ახლა?
-
ახლა ოჯახთან ერთად გერმანიაში ვცხოვრობ, ორი შვილი მყავს და ვმუშაობ. მაგრამ ფეხბურთი მთლიანად ვერ დავივიწყე და გასართობად გერმანიის მოყვარულთა ლიგაში ვთამაშობ.
- მწვავე რეაქცია გქონდათ იმაზე, რომ ქართულ სოციალურ ქსელებში მოგებულ გუნდსაც აკრიტიკებენ…
- კარგად მესმის, რომ “იბერიამ” იდეალური ფეხბურთი ვერ აჩვენა და რომ ყველას უკეთესი თამაშის ხარისხის ხილვა გვსურს. მე კრიტიკამ კი არ გამაბრაზა - ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ისეთ დღეშია, საკრიტიკოს რა გამოლევს, მაგრამ მოგებული გუნდი დამარცხებულივით ლანძღო, ეღადავო და იქილიკო, ეს ნაღდად არ მესმის. თავად ვიყავი ფეხბურთელი და ხომ მახსოვს, გამხნევება ბიჭებისთვის რას ნიშნავდა! ახლა “იბერიას” და ევროტურნირებზე მოასპარეზე ყველა ქართულ გუნდს გამხნევება და თანადგომა სჭირდება.
ხარისხი არა, შედეგი კი მომეწონა
- ზოგადად საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ქართული გუნდების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
-
ოთხიდან სამმა გუნდმა მოიგო და ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შედეგები კარგია. ვაღიაროთ, რომ “ტორპედოს” გარდა, სამივე გუნდს გაუმართლა. ბოლო წლებია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვერ ვიგებდით და ეს ნავსიც გატყდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პირველი თამაშები კარგად ჩავატარეთ.
- რომელიმე გუნდი გამორჩეულად მოგეწონათ?
- სიმართლე გითხრათ, თამაშის ხარისხით ვერცერთმა ვერ დატოვა ისეთი შეგრძნება, რომ მეთქვა - “აუ, რა მაგრად ითამაშეს”! მაგრამ აქ მთავარია შედეგი, რაც “იბერია 1999-მა”, თბილისის “დინამომ” და გორის “დილამ” დააფიქსირეს.
…ეს არასწორი მენეჯმენტის შედეგია
- ხარისხი ახსენეთ და, საერთო დონეზე რას იტყვით? ამ კუთხით პრობლემა აშკარად გამოჩნდა…
-
დონეზე რა უნდა ვთქვა, ყველა ვხედავთ, რომ ძალიან უკან ვართ. მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურის კუთხით ძალიან კარგადაა საქმე და წინ მივიწევთ - სათამაშო და სავარჯიშო მოედნები, ასე თუ ისე, ყველა გუნდს აქვს. მაგრამ ყველაზე დასანანი ის არის, რომ საერთო დონემ მაინც ვერ მოიმატა. პირიქით, ქართული საკლუბო ფეხბურთი ყოველ წელს უკან-უკან მიდის.
- სამწუხაროდ, ეს უეფა-ს რეიტინგშიც ისახება, სადაც 55 ქვეყანას შორის 52 ე ადგილზე დავეშვით. თქვენი აზრით, ეს რისი შედეგია?
- რისი და არასწორი მენეჯმენტის, გუნდების არასწორად დაკომპლექტების… თუ გუნდი ისეთი ვერ გააკეთე, შენი დონის ქვეყნებს მაინც რომ ტოლსწორად ეთამაშო, ვერ მოიგებ და, შესაბამისად, უეფა-ს რეიტინგში ქულებს ვერ დააგროვებ. ამიტომაც ვართ 55 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზე. არადა, ეს ჩვენს პოტენციალს ნაღდად ვერ ასახავს.
მაშინ უფრო კარგი დონე იყო…
- …და მდგომარეობის გამოსწრება როგორ წარმოგიდგენიათ?
-
როცა ფული და, შესაბამისად, საკმაოდ დიდი ხელფასებიც გაქვს, გუნდში შესაბამისი ფეხბურთელები უნდა მოიყვანო. მოდი, ავიღოთ ქუთაისის “ტორპედოს” მაგალითი. ფული აქვთ, მაგრამ გუნდს ვერ აკეთებენ. ჰყავთ არაბიძე, კოხრეიძე, კარგი მეკარეები, მაგრამ მორჩა, მთლიანობაში იმ დონის გუნდი ვერ არის, რომ “ზირას” მაინც გაუწიოს კონკურენცია. ჩემი აზრით, გუნდებში მენეჯმენტის პრობლემაა და პირველ რიგში ეს უნდა გამოსწორდეს.
- თქვენ რომ კარიერას იწყებდით, მაშინდელ და ახლანდელ ჩემპიონატებს შორის რა სხვაობას ხედავთ?
- სხვაობა საკმაოდ დიდია. დამიჯერეთ, მაშინ უფრო მაღალი დონე იყო, რადგან უფრო მაღალი დონის უცხოელები ჩამოჰყავდათ - ხომ გახსოვთ ჩისკო, აკინო… კიდევ ბევრი. უცხოელებს შევეშვათ, რა თქმა უნდა, გამოცდილი და ახალგაზრდა, პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელებიც მრავალად გვყავდნენ. ახლა ახალგაზრდა ცოტა თავს თუ გამოიჩენს, ეგრევე გაყიდვაზე და ფულის შოვნაზე ფიქრობენ. კი ბატონო, კარგია, რომ ყიდიან და ამით შემოსავალს იღებენ. მაგრამ ეს შემოსავალი ჯიბეში კი არ უნდა გაუშვა, გუნდს უნდა მოახმარო, რაც სამწუხაროდ საქართველოში არ ხდება. მაგრამ იმედი არ მტოვცებს, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ გამოსწორდება და წინ წავალთ. ყველა ქართულ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა, წელს “იბერია” ევროტურნირის ჯგუფში ითამაშებს.