სასამართლო პროცესზე წარმოთქმული ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრს ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე წარმოთქმული ფრაზისთვის 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა — “მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
2025 წლის 25 დეკემბერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზების ბრალდებით ბაჩო ახალაია დააკავეს. დაკავებას ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი უძღოდა წინ, სადაც, ტელეკომპანიის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის აქციაზე “სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ”.
პროკურატურის მტკიცებით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის საქმის “მთავარი ორგანიზატორია” და აქციის დღეს მან სხვა ორგანიზატორებთან “სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით 343-ჯერ განახორციელა”.