← მთავარი
სამართალი

"ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, რეჟიმის ტყვეობაში მყოფ სხვა პირებთან ერთად, ჩემთვის კიდევ ერთი ამოცანაა" - ნიკა გვარამია

6 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის კიდევ ერთი ამოცანაა. სოლიდარობა ბაჩოს და მის ოჯახს! - ასე ეხმაურება „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

გვარამია განმარტავს, თუ რატომ არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებად შეფასდეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას მოწოდება.

“ბაჩო ახალაიას ორ წელიწად ნახევარი მიუსაჯეს სასამართლოზე ნათქვამის გამო: „ივანიშვილი ჩემი აზრით დასამხობია. თუ ძალის გამოყენების გარდა სხვა არჩევანი არ იქნა, ძალაც უნდა იქნეს გამოყენებული“.

მოწოდება უნდა იყოს საჯარო (მიმართული პირთა განუსაზღვრელი წრისადმი) და რეალური.

მოწოდება გაკეთდა 15 კაცის წინაშე სასამართლო სხდომაზე, რაც ვერ ჩაითვლება პირთა განუსაზღვრელ წრედ. მესამე პირის მიერ ციტირება მოწოდებად არ ითვლება, ხოლო სასამართლო დარბაზიდან რომ ახალაიას პირით ნათქვამი ამ მოწოდების აუდიო ჩანაწერი გავიდოდა, ახალაია ამას ვერ ივარაუდებდა და არც უნდა ევარაუდა, რადგან, შეგახსენებთ, სასამართლო სხდომებზე აუდიო-ვიდეო ჩაწერა „ქოცებმა“ აკრძალეს. კანონდარღვევა მესამე პირის მერე ლეგიტიმური და რაციონალური ვარაუდის წინაპირობას ვერ წარმოშობს. ასე რომ, პირველი კრიტერიუმი გამოირიცხა.

მოწოდების რეალურობას რაც შეეხება, ციხეში მჯდომი კაცის 15 დამსწრესთან ლაპარაკმა რომ სახელმწიფო გადატრიალებას შეიძლება გამოიწვიოს, ამის რეალურობა ვერანაირი საღი აზრის ტესტს ვერ უძლებს, არათუ სამართლებრივი შეფასების მაღალ სტანდარტს. ასე რომ, მეორე კრიტერიუმიც გამოირიცხა.

რომ შევაჯამოთ, ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის კიდევ ერთი ამოცანაა.

სოლიდარობა ბაჩოს და მის ოჯახს!“ - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - „ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“ ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

← მთავარი