← მთავარი
სამართალი

კრიპტობიზნესი პრივილეგიებით, ქონება ივანიშვილის ყადაღით - ბაჩიაშვილის დაბრუნება

1 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
კრიპტობიზნესი პრივილეგიებით, ქონება ივანიშვილის ყადაღით - ბაჩიაშვილის დაბრუნება

რატომ „ვერ ხედავს“ ეროვნული ბანკი იმ დარღვევებს, რომლებიც ბაჩიაშვილს კონკურენტებთან უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და რატომ რჩება გიორგი ბაჩიაშვილის ქონების ნაწილი ივანიშვილის მოთხოვნით კვლავ დაყადაღებული.

სარჩევი

კონფიდენციალური გარიგებით მიღებული თავისუფლება

ივანიშვილის ყადაღა

საპატიმროდან უკან კრიპტოს ბიზნესში

ეროვნული ბანკის დუმილი

სხვა დარღვევები - იდენტიფიკაცია

რას ამბობს ბაჩიაშვილი

კონფიდენციალური გარიგებით მიღებული თავისუფლება

სარჩევზე დაბრუნება

2026 წლის 18 თებერვალს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ფინანსისტმა და შემდეგ, როგორც თავს უწოდებდა, „ივანიშვილისვე პირადმა პატიმარმა“ გიორგი ბაჩიაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გლდანის ციხე დატოვა.

მას 11 წელი ჰქონდა მისჯილი მძიმე ფინანსური დანაშაულებისთვის - მითვისება-გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, იგივე ფულის გათეთრებისთვის.

დაკავებამდე იყო ქვეყნის ფარულად დატოვება, ქვეყანაში ძალით დაბრუნება, შემდეგ სისხლის სამართლის საქმეები ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ და ბაჩიაშვილის საქმის ინსპირაციით მიღებული კანონიც კი.

ასევე ნახეთ

ფინანსურ დანაშაულებზე „ბაჩიაშვილის ინსპირაციით“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს

გიორგი ბაჩიაშვილი

სამართლებრივი დავა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ 2023 წლის ზაფხულში დაიწყო. პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერის და მისი ყოფილი უფროსის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 253 ბიტკოინის მითვისებასა და ფულის გათეთრებას ედავებოდა.

დავის დაწყების მომენტში სადავო კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 250 მილიონ აშშ დოლარს (650 მილიონ ლარზე მეტს) შეადგენდა, ბიტკოინის კურსის ზრდასთან ერთად აქტივების ფასმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

2025 წლის მარტში საქართველოდან მალულად გასულმა გიორგი ბაჩიაშვილმა, “ფორმულის” ეთერში ივანიშვილთან გარიგების შესაძლებლობაზე ისაუბრა: “დანამდვილებით ვიტყვი, რომ არანაირი გარიგება ჩემსა და ივანიშვილს შორის არ მომხდარა და არც მოხდება… ჩემი ბრძოლა გაგრძელდება, სანამ ეს რეჟიმი არ დაემხობა, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ევროპულ გზას”.

რას ამბობდა ბაჩიაშვილი 2025 წელს

by რადიო თავისუფლება

No media source currently available

0:00

0:00:19

0:00

ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, 2026 წლის 18 თებერვალს, გიორგი ბაჩიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას ყველა ბრალდება აღიარა და დაზარალებულ ივანიშვილს მოურიგდა. 11-წლიანი პატიმრობა მას სახელმწიფომ 1-წლიანი პირობითი სასჯელით და 50-ათასლარიანი ჯარიმით შეუცვალა. ციხე ბაჩიაშვილმა საპროცესო შეთანხმების დღესვე დატოვა და საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

ის დღემდე დუმს.

კონკრეტულად რაზე შეუთანხმდა ივანიშვილს კონფიდენციალურია, მისმა ადვოკატმა თქვა, რომ შეთანხმების პირობები ორივე მხარისთვის მისაღებია.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბაჩიაშვილის ქონებების ნაწილი კვლავ დაყადაღებულია.

ასევე ნახეთ

სამი პროცესი სამ საათში - რა გავიგეთ ბაჩიაშვილის გათავისუფლებისა და ივანიშვილთან მორიგების დეტალებზე

ივანიშვილის ყადაღა

სარჩევზე დაბრუნება

საჯარო განცხადებების მიხედვით, მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და პრეტენზიები ამოწურულია. “გიორგისა და დაზარალებულს შორის სამოქალაქო საქმეზეც მიღწეულია შეთანხმება, რომელიც დამტკიცდა უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინებით”, - თქვა ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა 2026 წლის თებერვალში, ბაჩიაშვილის ციხიდან გამოსვლის დღეს. მხარეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ დავა ამოიწურა.

მაშინ რატომ არის ივანიშვილის მოთხოვნით კვლავ დაყადაღებული ბაჩიაშვილის უძრავი ქონება და კომპანიების წილები?

ივანიშვილის ყადაღა ბაჩიაშვილის უძრავ ქონებასა და კომპანიების წილებზე

ბაჩიაშვილის ქონება, პროკურატურის მოთხოვნით, დაყადაღდა 2023 წელს, როდესაც ივანიშვილმა მის წინააღმდეგ დავა წამოიწყო.

მოგვიანებით, სამოქალაქო დავის მსვლელობისას ბაჩიაშვილის უძრავი ქონება და წილები კომპანიებში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნითაც დაყადაღდა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით საჯარო რეესტრმა მოუხსნა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყადაღები ბაჩიაშვილს. თუმცა მის უძრავ ქონებას და კომპანიებში წილებს კვლავ აქვს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით დადებული ყადაღა.

რატომ რჩება ივანიშვილის მოთხოვნილი ყადაღა ბაჩიაშვილის ქონებაზე, თუკი ბაჩიაშვილი და ივანიშვილი ყველაფერზე შეთანხმდნენ?

“არ ვიცი”, - გვიპასუხა ბაჩიაშვილის უკვე ყოფილმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

სტატიის გამოქვეყნების დროისთვის რადიო თავისუფლებას არ ჰქონდა მიღებული ივანიშვილის ადვოკატის პასუხი.

ყადაღების შესახებ რადიო თავისუფლებამ დეტალური დოკუმენტაცია გამოითხოვა საჯარო რეესტრიდან და დოკუმენტების დაჩქარებული წესით, ერთ სამუშაო დღეში მიღების საფასურიც გადაიხადა. 10 დღის შემდეგ, ისიც იუსტიციის სახლის პრესსამსახურის ინფორმირების შემდეგ, მივიღეთ პასუხი: “ვინაიდან, მოთხოვნილი განჩინება და განჩინებით დაყადაღებულ ქონებებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალას, “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-61 მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ”.

საჯარო რეესტრის უარი რადიო თავისუფლებას

ბაჩიაშვილის იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც ივანიშვილის ყადაღა ადევს, არის შპს “კეპლერ ინვესტმენტი”. “კეპლერ ინვესტმენტი” შვილობილი კომპანიის მეშვეობით ფლობს კრიპტომატების ქსელებს საქართველოში.

კომპანიის კონკურენტი ირწმუნება, რომ ბაჩიაშვილთან დაკავშირებული კომპანია კანონს და კონკურენციის წესებს არღვევს და ბაზარზე პრივილეგიებით სარგებლობს. მათ ამის შესახებ არაერთხელ და უშედეგოდ აცნობეს ეროვნულ ბანკს, რომელსაც საფინანსო სექტორისა და VASP-ების, კრიპტომატების ქსელების საქმიანობის ზედამხედველობა და კანონის უზენაესობის კონტროლი ევალება.

საპატიმროდან უკან კრიპტოს ბიზნესში

სარჩევზე დაბრუნება

2026 წლის 18 თებერვალს ციხის კარის გაღების შემდეგ, ბაჩიაშვილს არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ 6 წლის წინ, საქართველოში შექმნილი კრიპტოვალუტის გადამცვლელი კიოსკების (კრიპტომატების) უმსხვილესი ქსელიც ელოდა.

საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობა, ფინანსურ დანაშაულში, განსაკუთრებით კი ფულის გათეთრებაში მსჯავრდადებულს საფინანსო ბიზნესის ფლობას უკრძალავს. მონიტორინგი ეროვნული ბანკის მოვალეობაა.

ბაჩიაშვილი დღეს საქართველოში კრიპტომატების უმსხვილესი ქსელის მფლობელი და საბოლოო ბენეფიციარია.

კრიპტომატი ჩვეულებრივი ბანკომატია, ოღონდ ვირტუალური ვალუტისთვის, სადაც ციფრული ვალუტის კრიპტო საფულეზე შეტანა-გამოტანა, კონვერტაცია და ნაღდი ფულის აღებაა შესაძლებელი.

გიორგი ბაჩიაშვილის წილები კრიპტომატების ბიზნესში

კომპანია “კრიპტომატი” რომელსაც ის 2020 წლიდან ფლობს, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული (ლიცენზირებული) ე.წ. vasp-ია (Virtual Asset Service Provider), რამდენიმე ათეული კიოსკით მთელ საქართველოში. შპს “კრიპტომატის” გარდა, გიორგი ბაჩიაშვილი “კრიპტალის” წილების ბენეფიციარი მფლობელია და კავშირი აქვს კომპანია “მატიოსთან”, რომელიც ასევე კრიპტომატის აპარატებს ფლობს და ეროვნული ბანკის ლიცენზირებული vasp-ია.

რა არის ვასპი

VASP არის აბრევიატურა, რომელიც ნიშნავს Virtual Asset Service Provider-ს (ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი).

ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, VASP-ი არის კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ფინანსურ მომსახურებას ეწევა.

თუ ჩვეულებრივ, ტრადიციულ ფულთან (ლარი, დოლარი, ევრო) მუშაობისას ჩვენს ფინანსებს ბანკები და ოფიციალური გადახდის აპარატები მართავენ, კრიპტოვალუტის (ბიტკოინი, ტეტერი და ა.შ.) სამყაროში ამ როლს სწორედ VASP-ები ასრულებენ.

ვირტუალური სერვისის პროვაიდერების, იმავე vasp-ების ბიზნესი სწრაფად იზრდება მსოფლიოში. ქართულ ბაზარზე 30-ზე მეტი Vasp-ია რეგისტრირებული, ეროვნული ბანკის 2024 წლის მონაცემებით, ასეთი კომპანიების ტრანზაქციების ჯამმა წლიურად 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ბაჩიაშვილთან დაკავშირებული სამი კომპანია, დაუზუსტებელი ინფორმაციით ჯამში, ქართული კრიპტოვალუტის გადამცვლელი კიოსკების ბაზრის დაახლოებით 50%-ს მოიცავს. ბაჩიაშვილის “კრიპტალს” და “კრიპტომატს”, 2022 წელს დაახლოებით 7 მილიონი ლარის წლიური მოგება ჰქონდათ. კრიპტოკიოსკების ბიზნესის შემოსავალი იზრდება, თუმცა 2022 წლის შემდგომი ფინანსური ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

ეროვნული ბანკის დუმილი

სარჩევზე დაბრუნება

მსოფლიოში კრიპტოვალუტის გამოყენების ზრდასთან ერთად, განვითარებულმა ქვეყნებმა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა გლობალური საფრთხეებისგან თავდაცვის მიზნით, ამ სფეროს მკაცრი დარეგულირება დაიწყეს. 2019 წელს FATF-მა (Financial Action Task Force) სპეციალურმა ჯგუფმა, (რომელსაც წევრებად ჰყავს 39 იურისდიქცია მათ შორის G7 ქვეყნები და ევროკავშირი) რომელიც ადგენს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ სტანდარტებს, შეიმუშავა წესები VASP-ების (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების) ფინანსური დანაშაულების პრევენციისთვის.

2023 წელს ეს საერთაშორისო სტანდარტები თითქმის უცვლელად გადმოიტანა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მიიღო სპეციალური რეგულაციები ტერორიზმისა და ფულის გათეთრების დანაშაულის პრევენციისთვის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №94/04 ბრძანების მე-4 მუხლით, ფულის გათეთრებასა და მძიმე ეკონომიკურ დანაშაულში მხილებულ და ნასამართლევ პირს VASP-ის ფლობა ან მართვა ეკრძალება, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს „შესაფერისი რეპუტაციის“ კრიტერიუმებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება

ამავე ბრძანებით, თუ რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბენეფიციარი მესაკუთრე აღარ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია, გაუუქმოს მას ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგისტრაცია.

გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიები vasp-ებად ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის თებერვალსა (კრიპტალი) და მარტში (კრიპტომატი) დაარეგისტრირა. იმ დროს გიორგი ბაჩიაშვილი უკვე იყო ბრალდებული ფინანსურ მაქინაციებში და 2,5 მლნ ლარი ჰქონდა გირაოს სახით გადახდილი.

ბაჩიაშვილს ბრალი დიდი რაოდენობით ფულის მითვისება-გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ჰქონდა წაყენებული. (სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). ორივე მძიმე ფინანსურ დანაშაულად ითვლება და როგორც ქართული, ისე საერთაშორისო პრაქტიკით, არ შეიძლება ასეთი ადამიანი ფლობდეს vasp-ებს. მით უფრო, როდესაც დანაშაული ელექტრონულ ფულთანაა კავშირში.

ბაჩიაშვილი ბრალს უარყოფდა და პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობდა.

2024 წელს, რეგისტრაციის დროს, ეროვნულმა ბანკმა ყურადღება არ მიაქცია ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას - არ ვიცით გამორჩა, თუ თვალი დახუჭა. რადიო თავისუფლების კითხვებს ეროვნულმა ბანკმა არ უპასუხა და არც ბაჩიაშვილის კომპანიებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გაგვიზიარა.

2025 წელს ბაჩიაშვილი ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო დამნაშავედ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ როგორც ფულის მითვისება-გაფლანგვაში, ასევე ფულის გათეთრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჩიაშვილი წლების განმავლობაში ბრალდებების აბსურდულობასა და ივანიშვილის პირად დაინტერესებაზე ლაპარაკობდა, 2026 წლის თებერვალში საპროცესო შეთანხმებაზე ხელის მოწერით ყველა ბრალდება აღიარა და ოფიციალურად გახდა მძიმე ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლევი. ამ აღიარებას, რომელმაც ციხის კარი გაუხსნა, მისთვის ციფრული ფულის ბიზნესში დაბრუნების ყველა კარი უნდა ჩაერაზა.

გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო პროცესზე

ბაჩიაშვილის გარიგება ივანიშვილთან, როგორც თავად საქმე, კვლავ ქართული და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა კვლავ ვერ დაიმსახურა ეროვნული ბანკის სათანადო ყურადღება, ეროვნული ბანკის საიტზე ბაჩიაშვილის კომპანიები კვლავ რეგისტრირებული vasp-ების ჩამონათვალშია.

ეს არ მოსწონთ კონკურენტებს.

რადიო თავისუფლებას აქვს ოფიციალური მიმოწერა, რომლიდანაც ჩანს, რომ ქართული vasp-ების ბაზარზე მოქმედი კიდევ ერთი მსხვილი კომპანია ეროვნულ ბანკს პერიოდულად ატყობინებს გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიებთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესახებ.

2026 წლის გაზაფხულზე, ბაჩიაშვილის საპროცესო შეთანხმების დასრულების შემდეგ, მისმა კონკურენტმა ფირმამ ეროვნულ ბანკს რამდენიმე წერილი გაუგზავნა.

“ბიტექსჩეინჯის” დირექტორი ბანკს წერდა, რომ ბაჩიაშვილი, როგორც მძიმე ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდადებული, კანონდარღვევით ფლობდა კრიპტომატების კომპანიებს და ეს vasp-ების ბაზარს აზარალებდა.

კომპანიის დირექტორი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს დახმარებას სთხოვდა: “დაუყოვნებლივ შეასრულეთ მარეგულირებლისა და ზედამხედველის ფუნქცია, შეაჩერეთ მიმდინარე დარღვევა და აღადგინეთ ბაზარზე მინიმალური სამართლიანობა და თანაბარი პირობები”. ფრაგმენტი “ბიტექსჩეინჯის” დირექტორის წერილიდან.

ბაჩიაშვილის კონკურენტი კომპანიის, „ბიტექსჩეინჯის“ წერილები ეროვნულ ბანკს

“წერილობით, დეტალური ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამ vasp-ების ბენეფიციარი მესაკუთრეა, ეროვნულ ბანკს პირველად შევატყობინეთ 2025 წლის 12 ნოემბერს გაგზავნილ განცხადებაში.

ეროვნულ ბანკს ხელმეორედ მივწერეთ 2026 წლის 16 მარტს, ხოლო ბოლოს - 2026 წლის 1 აპრილს”, - უთხრა “ბიტექსჩეინჯის” დირექტორმა ნინო კოპილაძემ რადიო თავისუფლებას.

მოქმედი რეგულაციები ასეთ შემთხვევაში vasp-ის რეგისტრაციის შეჩერებას ან გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა ეროვნული ბანკს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. ბოლო მონაცემებით, ბაჩიაშვილის კომპანიები ბაზარზე რჩებიან.

სხვა დარღვევები - იდენტიფიკაცია

სარჩევზე დაბრუნება

გარდა დამფუძნებლის ნასამართლობისა, ბაჩიაშვილის vasp-ს, შპს “კრიპტომატს” კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდა ქართულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან. საქმე ეხება კრიპტომატების მომხმარებლის იდენტიფიცირების პროცედურას.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML - Anti-Money Laundering) და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (CFT - Combating the Financing of Terrorism) წესების მიხედვით, კრიპტოვალუტის კიოსკთან მისული მომხმარებელი ვალდებულია თვითიდენტიფიცირება მოახდინოს - ისე როგორც, მაგალითად, pay box-ებით (სწრაფი გადახდის აპარატებით) სარგებლობისას მომხმარებელს აპარატში პირადი ნომერი შეჰყავს და მხოლოდ ამის შემდეგ მობილურზე მისული კოდით შეუძლია ტრანზაქცია. კრიპტომატების შემთხვევაში ეს პროცესი კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.

ქუჩებში განთავსებული კრიპტომატები უკანონო ფინანსური აქტივობების მომეტებული რისკის გზად ითვლება და კრიპტომატების მფლობელები ვალდებულნი არიან, მოწყობილობა ისე აღჭურვონ პროგრამულად, რომ ნებისმიერი მომხმარებლის ვინაობა დადგინდეს.

თუმცა ქართული vasp-ების ნაწილი გარკვეული პერიოდი, (2023 წლის შემდეგაც) საერთაშორისო და ადგილობრივი წესების დარღვევით, იდენტიფიკაციის გარეშე ემსახურებოდნენ კლიენტებს.

„კრიპტომატის“ და „ბიტექსჩეინჯის“ აპარატები

ბაჩიაშვილის კომპანიების მთავარი კონკურენტი vasp-ის, “ბიტექსჩეინჯის” დირექტორმა რადიო თავისუფლებას ეროვნულ ბანკში გაგზავნილი რამდენიმე წერილი აჩვენა, რომლებითაც კომპანია ეროვნულ ბანკს სთხოვდა, ყველა კომპანიისთვის იდენტიფიკატორის ჩართვის საერთო თარიღი განესაზღვრა.

ბანკისთვის გაგზავნილ წერილში კომპანიის დირექტორი წერდა, რომ ეს მათ ინტერესში შედის, მაგრამ კონკურენტებთან (იგულისხმება ბაჩიაშვილის კომპანია) ვერ თანხმდებიან. ცალმხრივად აქტივაციის სისტემის ამოქმედება კი მათ აზარალებთ, ვინაიდან მომხმარებელი მეტწილად ისეთ აპარატებს ირჩევს, რომლებზე იდენტიფიცირება არ სჭირდება.

საპატიმროდან ბაჩიაშვილის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, მისი კომპანიის, შპს “კრიპტომატის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა “ბიტექსჩეინჯის” დირექტორს შესთავაზა, რომ 2 მარტს ერთობლივად ჩაერთოთ იდენტიფიკატორის სისტემა.

ბაჩიაშვილის კომპანიის წარმომადგენელი წერდა, რომ იდენტიფიკატორის ჩართვის თარიღი ეროვნულ ბანკთან იყო შეთანხმებული. ეს მიმოწერა ბაჩიაშვილის კომპანიის და ეროვნული ბანკის არაფორმალურ ურთიერთობაზე მიანიშნებს.

“2026 წლის 18 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა, რამდენიმე დღეში, 25 თებერვალს, ბაჩიაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მოგვწერეს იდენტიფიკაციის ამოქმედების საკითხზე. 2 მარტს იდენტიფიკაცია ჩაირთო ორივე კომპანიის კიოსკებზე, თუმცა 13 მარტს მათ თავიანთ კიოსკებზე [იდენტიფიცირება] ისევ გათიშეს. 2026 წლის 13 მარტიდან დაახლოებით ერთ თვეზე მეტი პერიოდი, იდენტიფიკაცია ფაქტობრივად მხოლოდ ჩვენს კიოსკებზე იყო ჩართული, ხოლო მათ კიოსკებზე მომსახურების მიღება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა, რადგან მომხმარებელს იდენტიფიკაციის გავლა არ უწევდა. ამ პერიოდში ჩვენს კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მომხმარებლების ნაწილი გადავიდა იმ კიოსკებზე, სადაც იდენტიფიკაციის გარეშე უფრო მარტივად იღებდნენ მომსახურებას. შეიქმნა არათანაბარი კონკურენტული გარემო: ჩვენ ვიცავდით იდენტიფიკაციის მოთხოვნას, ხოლო მეორე მხარე სარგებლობდა უფრო მარტივი პროცედურით.” უთხრა რადიო თავისუფლებას “ბიტექსჩეინჯის” დირექტორმა ნინო კოპილაძემ.

“ბიტექსჩეინჯმა” ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ შეატყობინა, რომ ბაჩიაშვილის კომპანია “კრიპტომატმა” იდენტიფიკატორის პროგრამა გათიშა, “რადიო თავისუფლებას” უთხრეს, რომ ამის დამდასტურებელი ვიდეოებიც გაუგზავნეს.

„კრიპტომატის“ აპარატის მუშაობა იდენტიფიკაციის გარეშე

by რადიო თავისუფლება

No media source currently available

0:00

0:00:44

0:00

ეროვნულმა ბანკმა ”ბიტექსსჩეინჯს” სპეციალურ კომუნიკატორში უპასუხა, რომ მართლაც დაუშვებელია კლიენტის მომსახურება მისი იდენტიფიცირების გარეშე, თუმცა რა რეაგირება მოახდინა ბაჩიაშვილის კომპანიის კრიპტომატებში ამ ფუნქციის გათიშვაზე, უცნობია.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სადაც vasp-ების დაჯარიმების ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება, კრიპტომატის დაჯარიმების ინფორმაცია არ იძებნება.

რადიო თავისუფლებამ წერილობით ჰკითხა ეროვნულ ბანკს რეაგირების შესახებ და დოკუმენტები გამოითხოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

ეროვნულმა ბანკმა უარის წერილში მოიშველია მათივე შიდა მარეგულირებელი აქტი და არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც კანონია, უფრო მაღლა დგას ეროვნული ბანკის შიდა აქტებზე და ბანკს ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გაცემას, არგაცემის შემთხვევაში კი - უარის დეტალურ დასაბუთებას, რაც ეროვნულმა ბანკმა არ გააკეთა.

ეროვნული ბანკის უარი რადიო თავისუფლებას

რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკი შევიდა შემოწმებაზე ბაჩიაშვილის კრიპტომატის მთავარ კონკურენტ კომპანიაში, რაც კომპანიის დირექტორს ეჭვებს უჩენს:

“ეროვნული ბანკი შემოწმებაზე შემოვიდა 11 თებერვალს. ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება 18 თებერვალს გაუფორმდა და გათავისუფლდა. თავდაპირველად შემოწმება 31 მარტს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ ვადა გადაწიეს 22 მაისამდე და ბოლოს 29 მაისს დასრულდა ინფორმაციის გამოთხოვის ეტაპი. ამჟამად ველოდებით მათ დასკვნას.

შემოწმების დრო და რიგი სხვა ფაქტორები, სამწუხაროდ, გარკვეულ კითხვებს ბადებს ეროვნული ბანკის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით”, - ამბობს “ბიტექსჩეინჯის” დირექტორი რადიო თავისუფლებასთან.

რას ამბობს ბაჩიაშვილი

სარჩევზე დაბრუნება

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ადვოკატ ლევან მახარაშვილს, რომელიც ბაჩიაშვილის ინტერესებს იცავდა ივანიშვილთან დაკავშირებულ დავებში და ინფორმაციისა და ბაჩიაშვილის პოზიციის გაგებაში სთხოვა დახმარება. გიორგი ბაჩიაშვილმა გადმოგვცა, რომ ის ამ ვასპების დამფუძნებელია, მათ საქმიანობაში არ მონაწილეობს და მენეჯმენტისთვის მიგვემართა.

რადიო თავისუფლებამ ბაჩიაშვილის კუთვნილი vasp-ების ხელძღვანელებს კითხვები წერილობით გაუგზავნა.

თუმცა სამ კვირაზე მეტი გავიდა და პასუხები არ მიგვიღია.

კანონით მას შემდეგ რაც ივანიშვილი და ბაჩიაშვილი მორიგდნენ, ივანიშვილის მხარეს სასამართლო საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა, რომ ბაჩიაშვილთან პრეტენზიები აღარ აქვს და მისი ქონებებისთვის ყადაღები მოეხსნათ.

რას ნიშნავს ყადაღა

იურიდიულად, კომპანიის წილებზე ყადაღის დადება არ ნიშნავს ბიზნესის პარალიზებას კრიპტომატების ქსელი ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას, აგენერირებს მილიონობით ლარის შემოსავალს და ემსახურება კლიენტებს.

თუმცა ყადაღა არის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს, როგორც მფლობელს, უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ ბერკეტებს ართმევს: მას არ აქვს უფლება გაყიდოს, გააჩუქოს ან სხვა პირზე გადააფორმოს კომპანია ან მისი ნაწილი. ეკრძალება კომპანიის ძირითადი აქტივების მაგალითად კრიპტომატების, ინფრასტრუქტურის ან უძრავი ქონების გაყიდვა ან იპოთეკით/გირაოთი დატვირთვა.

ბაჩიაშვილს არ შეუძლია კომპანიის სხვა იურიდიულ პირთან შერწყმა ან მისი გაყოფა.

ეს არის გარანტია, რომ ბაჩიაშვილი ვერ შეძლებს დაყადაღებული ქონების გადამალვას ან ქვეყნიდან გატანას მანამ, სანამ ივანიშვილის მოთხოვნით დადებული ყადაღა არ მოეხსნება.

ივანიშვილის მიმართვის შემდეგ სასამართლო გამოსცემდა განჩინებას, რაზე დაყრდნობითაც საჯარო რეესტრი ბაჩიაშვილის ქონებასა და კომპანიებს ყადაღებისგან გაათავისუფლებდა.

რატომ არ მოხდა ასე? იურისტების აზრით ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ბიძინა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის შეთანხმების პირობები, რომლებიც ბაჩიაშვილს საბოლოოდ ჯერ არ შეუსრულებია.

← მთავარი