"ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს
საწვავის კრიზისის ფონზე, რუსული ავიაკომპანია Azimut ფრენების შეწყვეტას ან შემცირებას აანონსებს. რუსეთში საავიაციო საწვავის მხრივ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა და ფრენების განხორციელება “ყოველგვარ ეკონომიკურ აზრს კარგავს”. ამის შესახებ Azimut-ის ავიახაზების მიერ საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორთა ასოციაციისადმი (AEVT) გაგზავნილ განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას Meduza ავრცელებს. კომპანიამ განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში მისმა მთავარმა საავიაციო საწვავის მომწოდებელმა გამოაცხადა მოხმარების დაახლოებით მესამედით შემცირების აუცილებლობის შესახებ. ამის მიზეზი “ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებში ფორსმაჟორული გარემოებები” და, შესაბამისად, ბაზარზე საავიაციო საწვავის მიწოდების შემცირება იყო. Azimut-ის ავიახაზები აცხადებს, რომ ალტერნატიულ მომწოდებლებსაც არ აქვთ საავიაციო საწვავის საჭირო რაოდენობა. გარდა ამისა, დეფიციტთან ერთად, საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში საავიაციო საწვავის ფასები საშუალოდ 17%-ით გაიზარდა, მაგალითად, მაჰაჩკალაში ნავთის ფასები 64%-ით გაიზარდა და 157 000 რუბლს მიაღწია. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელ პირობებში, დაგეგმილი ფრენების გრაფიკის განხორციელება “კარგავს ყოველგვარ ეკონომიკურ აზრს” — როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა რეისებზე. Azimut-ის ავიახაზებმა რუსეთის ავიაციისა და ტრანსპორტის ასოციაციას (AETA) სთხოვა, ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდოს, მიიღოს ზომები სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. რუსეთში საწვავის კრიზისი 2026 წლის მაისის ბოლოს დაიწყო, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ზრდის ფონზე. Reuters-ის ცნობით, 15-დან 21 ივნისის უკრაინის იერიშების გამო, ქვეყანაში ბენზინის წარმოება დაახლოებით 25%-ით შემცირდა 2025 წლის ივნისის საშუალო დღიურ დონესთან შედარებით. საავტომობილო საწვავის წარმოებაზე შეზღუდვები დაწესდა ცენტრალურ რუსეთში, მათ შორის ირკუტსკის, ომსკის და ნოვოსიბირსკის რეგიონებში, ასევე ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში, რუსეთის ნავთობის მწარმოებელ მთავარ რეგიონად. რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა შიდა ბაზარზე არსებულ სიტუაციას “რთული, მაგრამ მართვადი” უწოდა. რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” (Azimuth Airlines) საქართველოში რეგულარული ფრენები ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში დაიწყო და წლების განმავლობაში მიმართულებები საგრძნობლად გააფართოვა. თუმცა, ქვეყანაში საავიაციო საწვავთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის გამო, კომპანიამ რეისების შეწყვეტა ან შემცირება დააანონსა. “აზიმუტი” კრასნოდარიდანაც თბილისის მიმართულებით იფრენს რუსული აზიმუტის თვითმფრინავი სანტ-პეტერბურგიდან თბილისშიც იფრენს რუსულმა ავიაკომპანიამ, რომელმაც საქართველოში უნდა იფრინოს, აფხაზეთი ცალკე ქვეყნად მიუთითა