← მთავარი
საზოგადოება

"აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ EU-სთვის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორია" — ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამხრეთ კავკასიური ტურნე ბაქოდან დაიწყო

2 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ამ შეხვედრით მან სამხრეთ კავკასიაში ორდღიანი ვიზიტი გახსნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მზარდ სტრატეგიულ ინტერესს რეგიონის მიმართ, განსაკუთრებით ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო კავშირებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცების კუთხით. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ბაქო ფონ დერ ლაიენის რეგიონული ტურნეს პირველი გაჩერებაა, საიდანაც იგი სომხეთში გაემგზავრება. ევროკომისიის განცხადებით, ეს ვიზიტი სამხრეთ კავკასიელ პარტნიორებთან უმაღლეს დონეზე მიმდინარე გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაწილია.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე, სატრანსპორტო დაკავშირებადობაზე, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ფართო სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანს 27-წევრიანი ბლოკის საკვანძო პარტნიორი უწოდა და ხაზი გაუსვა მის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე.

“ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის საიმედო და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია. ჩვენ არ გვავიწყდება, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი ევროპისთვის გაზს იარაღად იყენებდა, აზერბაიჯანმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა. “სამხრეთის გაზის დერეფანმა” ნამდვილად გააძლიერა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეს მნიშვნელოვანი წარმატების ისტორიაა”, — განაცხადა მან ოთხშაბათს ბაქოში.

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ასევე მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ შეთანხმებამ შესაძლოა გზა გაუხსნას უფრო ფართო რეგიონულ თანამშრომლობას.

“მინდა მოგილოცოთ სომხეთთან ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების ინიცირება. თქვენ გამოიჩინეთ ლიდერობა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში. ჩვენ ერთად ნამდვილად შეგვიძლია ფურცელზე დაწერილი მშვიდობა რეალურ ცხოვრებაში გადავიტანოთ” — მიმართა ფონ დერ ლაიენმა ალიევს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ბრიუსელი გამოვა ინიციატივით, რათა ამოქმედდეს “ევროკავშირი-აზერბაიჯანის დაკავშირებადობის პარტნიორობა”, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურას. მისივე თქმით, ევროკავშირის ინიციატივა Global Gateway სამხრეთ კავკასიის მასშტაბით არსებული პროექტებისთვის 200 მილიონ ევრომდე გრანტს გამოყოფს, რასაც პოტენციურად შეუძლია 2 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციების მობილიზება.

გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა 20 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობისმშენებლობის ინიციატივების მხარდაჭერას, მათ შორის ტერიტორიების განაღმვას, ჯანდაცვას, სოფლის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას.

← მთავარი