აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი მედიასაშუალებაOC MEDIA დაბლოკა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პორტალზე წვდომა შეიზღუდა. საიტზე წვდომა კვლავ შესაძლებელია VPN-ის გამოყენებით. როგორც OC Media წერს, ეს ყველაფერი აზერბაიჯანში ახალი მაკონტროლებელი უწყების, “ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტოს” (NCA) დაარსებისა და ჩაშვების პარალელურად განხორციელდა. OC Media-ს მთავარი რედაქტორი რობინ ფაბრო ამბობს, რომ ეს ნაბიჯი დიდი ხანია მოსალოდნელი იყო, “იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს შეუწყნარებლობას ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ, რომელიც არ შეესაბამება ოფიციალურ ხაზს“. “მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა, რადგან დაარსებიდან, 2017 წლიდან, მივაღწიეთ მცირე, მაგრამ სტაბილურ მკითხველს აზერბაიჯანში, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მკითხველი კარგადაა გათვითცნობიერებული VPN-ში და ცენზურისგან გვერდის ავლის სხვა საშუალებებში, კვლავ ექნებათ წვდომა ჩვენს მასალებზე.ის, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ჩვენს რეპორტაჟებს სახიფათოდ თვლის, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ აქვთ ძალა საიმისოდ, რომ ხელისუფლება ამხილონ. ეს ასევე ხაზს უსვამს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას”, — განაცხადა რობინ ფაბრომ. როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, 2017–2019 წლებში აზერბაიჯანი ხელისუფლებამ დაბლოკა წვდომა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ მედიასაშუალებებზე, მათ შორის “რადიო თავისუფლებაზე”, შეზღუდვები დღემდე ძალაშია. შეზღუდვები ასევე შეეხოთ Meydan TV-ს, გაზეთ “თავისუფლებას”, Turan TV-სა და “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტს” (OCCRP)