„ქართული ოცნების“ მიერ „საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირების“ ცნების დაკანონებას სახალხო დამცველის, ეკლესიისა და ოპოზიციის კრიტიკა მოყვა
„ქართული ოცნების“ მიერ „საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირების“ ცნების დაკანონებას სახალხო დამცველის, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
ახალი ცვლილებების თანახმად, რომლებიც 27 და 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომებზე დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, „საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირი“ გულისხმობს კაზინოს ნებართვის მფლობელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეთა არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ორგანიზატორები გათავისუფლდებიან სათამაშო მაგიდაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან, თუ მაგიდა მხოლოდ ტურნირისთვის გამოიყენება, ხოლო საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება.
მმართველმა პარტიამ, რომელმაც მანამდე აზარტული თამაშების შემზღუდავი კანონები მიიღო, განაცხადა, რომ მსგავსი ტურნირები ადრეც იმართებოდა, თუმცა კანონმდებლობაში მათი ასახვა ამ სფეროსთან დაკავშირებული სამართლებრივი გაურკვევლობების გამო გახდა საჭირო. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტურნირები ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გააკრიტიკა ცვლილებები და მათგან მომდინარე „შესაძლო სოციალურ ზიანზე“ მიუთითა. სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი, ხოლო „ამ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის“ დაჩქარებული წესით განხილვა „განსაკუთრებით დამაზიანებლად“ შეაფასა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია და განაცხადა, რომ „საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება“.