სექტემბრიდან I, VII და X კლასის მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ელოდებათ
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ სექტემბრიდან I, VII და X კლასის მოსწავლეებს შვიდ საგანში — ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში — ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ.
„1-ელი კლასიდან დაწყებული, დავიწყეთ სახელმძღვანელოების ამოცვლა. წელს, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი წიგნები”, — განაცხადა მინისტრმა.
ბავშვების ჩანთების გასამსუბუქებლად სამინისტრო სქელ ტომებს ეთხოვება. „ვზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს. ამიტომ, უარს ვამბობთ სქელტანიან წიგნებზე და ახალ პრინციპს შემოვაქვს — სემესტრულ სახელმძღვანელოებზე გადავდივართ. ზოგი წიგნი 3-4 ნაწილად დაიბეჭდება”, — დასძინა მიქანაძემ.
მინისტრის ადრინდელი განცხადების თანახმად, კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში მომდევნო 2-3 წელში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება და სკოლებში განათლების სამინისტროს მიერ დამზადებული ერთიანი წიგნები შემოვა.