ქორწინება, შვილები, საკუთარი სახლი და კიდევ რა? - 7 რამ ბოლო კვლევიდან ახალგაზრდებზე
პირიქით, 2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც 18-39 წლის 13 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ახალგაზრდები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახს და შვილებს, თუმცა მათი რეპროდუქციული მიზნების, ანუ შვილების ყოლის სურვილს სხვა რაღაცები აფერხებს.
ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გამოკვლევის მთავარი მიგნებები - მათ შორის:
რა სურთ ახალგაზრდებს?
რას ფიქრობენ ისინი ქორწინებაზე?
შვილების ყოლაზე?
როგორ უყურებენ მომავალს, განათლებას?
რამდენად ეხებათ მათ უმუშევრობა, ფინანსური დამოკიდებულება და საკუთარი ბინის არქონა?
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ წარმოებული “დემოგრაფიული მომავლის კვლევის” (Demographic Futures Survey, 2025) ფარგლებში გამართულ გამოკითხვაში მონაწილეებს წარმოადგენდა 73 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მცხოვრები 18-დან 39 წლამდე ასაკის მოსახლეობა. კვლევის მიზანია შეისწავლოს, თუ როგორია ახალგაზრდების პერსპექტივა საკუთარ მომავალზე, პარტნიორულ ურთიერთობებსა და რეპროდუქციულ გეგმებზე.
ამ კონკრეტულ გამოკვლევაში კი გაანალიზებულია მონაცემები, რომლებიც მკვლევრებმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 11 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მოიპოვეს. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, მოლდოვის რესპუბლიკა, სერბეთი, უკრაინა, უზბეკეთი და კოსოვო (კვლევის ფარგლებში, კოსოვო გაგებულ უნდა იქნას გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 (1999) რეზოლუციის შესაბამისად).
ოჯახი, ქორწინება და შვილები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში, მათ შორის, საქართველოშიც, ქორწინება და შვილების ყოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
გამოკითხულთა 79%-ს სურს დაქორწინება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კვლევაში მონაწილე სხვა რეგიონებში დაფიქსირებულ 63%-ს. შვილების გაჩენის მთავარი მოტივაცია კი სიხარული და ბედნიერებაა.
გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას ორი ან მეტი შვილის ყოლა სურს და ოჯახს საკუთარი იდენტობისა და ბედნიერების უმნიშვნელოვანეს საფუძვლად მიიჩნევს.
რეგიონის იმ ქვეყნებში, სადაც შობადობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2,6, ხოლო კაცებისთვის 2,9 ბავშვია.
ხოლო შობადობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში ეს ციფრი 3,7 ბავშვს აღწევს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2,6, ხოლო კაცებისთვის 3-ია.
აუსრულებელ სურვილებად დარჩენილი მიზნები 35-39 წლის ადამიანებისთვის
როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, 35–39 წლის ასაკის რესპონდენტთა უმეტესობამ მათ უთხრა, რომ ვერ შეძლო ოჯახთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების განხორციელება.
აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში, ქალების 22%-ს შვილი არ ჰყავს, თუმცა, თითქმის ყველა შემთხვევაში, ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. მათ 95%-ს უნდა შვილის გაჩენა, რაც მკვეთრად განსხვავდება კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების მონაცემებისგან, სადაც უშვილობა ხშირად პირადი არჩევანია.
აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მცხოვრებ 18–39 წლის ასაკის ზრდასრულთა უმეტესობას, მათთვის სასურველ რაოდენობაზე ნაკლები შვილი ჰყავს - ქალებში ეს სხვაობა საშუალოდ 1,25 შვილს, ხოლო კაცებში თითქმის 2 შვილს აღწევს.
ყველაზე დიდი სხვაობა უკრაინაშია, სადაც ქალებისთვის შვილების სასურველი რაოდენობა სამ ბავშვია, თუმცა ფაქტობრივი საშუალო მაჩვენებელი ერთ შვილს მცირედით აღემატება.
საქართველოში ეს დემოგრაფიული ნაპრალი მჭიდროდ უკავშირდება გენდერული როლების ასიმეტრიას, რადგან გამოკვლევის ავტორთა თქმით, ქართველ ქალებს ეშინიათ, რომ ბავშვის მოვლის მთელი ტვირთი მათზე გადავა. მიუხედავად იმისა, რომ კაცები გამოხატავენ მზაობას მოვალეობების თანაბარი გადანაწილების შესახებ, ისინი საკუთარ თავს მაინც ძირითადად მხოლოდ „მარჩენლის“ (ეკონომიკური უზრუნველყოფის) როლში ხედავენ.
ქალები ხაზს უსვამენ, რომ მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რათა მომავალში იძულებული არ გახდნენ, პარტნიორზე იყვნენ დამოკიდებული.
ამასთანავე, გამოკვლევამ აჩვენა ისიც, რომ საქართველოში დედის სრულ განაკვეთზე, ანუ სამსახურში დილიდან საღამომდე მუშაობა მაშინ, როცა ბავშვი 3 წლამდე ასაკისაა, კვლავ სერიოზული საზოგადოებრივი გაკიცხვის საგანია - ქალი რესპონდენტების 39% ცუდი თვალით უყურებს მცირეწლოვანი შვილების დედის სრულ განაკვეთზე მუშაობას, მაშინ როდესაც მამის შემთხვევაში იგივე დამოკიდებულება 22%-ს აქვს.
განათლება - როგორც მშობლობის წინაპირობა
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები, კაცებთან შედარებით, გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევასა და მშობლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას.
საქართველო მთელ რეგიონში ლიდერობს განათლებისა და კარიერის, როგორც მშობლობის აუცილებელი წინაპირობების, შეფასებაში.
ქართველი ახალგაზრდების 60%-ს მიაჩნია, რომ განათლების დასრულება „ძალიან მნიშვნელოვანია“ შვილის გაჩენამდე, ხოლო 58% იმავეს ამბობს კარიერულ დამკვიდრებაზე.
გამოკითხულ ქალებსა და კაცებს შორის დიდი განსხვავება ჩანს განათლების მიზნების მიღწევის მნიშვნელობის შეფასებაში - ქალების 56% და კაცების 44% განათლების მიზნების მიღწევას „ძალიან მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს.
სახლი, ფინანსური დამოუკიდებლობა
შვილის გაჩენამდე ან გაჩენისას, სახლის ფლობის მნიშვნელობა საქართველოში ბევრად უფრო კრიტიკულად აღიქმება, ვიდრე, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ საკუთარი საცხოვრებლის ქონა, როგორც ცხოვრებისეული მიზანი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რაც დასტურდება საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინისა და კოსოვოს ფოკუს-ჯგუფების შედეგებითაც.
რესპონდენტები დამოუკიდებელი ცხოვრების კომპონენტებს თანმიმდევრობით აღწერენ და ამბობენ, რომ სტაბილური დასაქმება საკუთარი საცხოვრებლის აუცილებელი წინაპირობაა; საცხოვრებელი ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ხოლო ეს, თავის მხრივ, შვილების გაჩენის რეალურ შესაძლებლობას იძლევა.
მაგალითად, საქართველოში რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ 18–21 წლის ასაკში მშობლების სახლიდან საკუთარ საცხოვრებელში გადასვლა იდეალური შესაძლებლობაა, თუმცა ქირის მაღალი ფასი და დაბალი ანაზღაურება ამ მიზნის შესრულებას ართულებს.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრები ქალები საკუთარი საცხოვრებლის ფლობას კაცებთან შედარებით მცირედით უფრო მაღალ მნიშვნელობას ანიჭებენ.
თუმცა, კაცებისგან განსხვავებით, გაცილებით მეტნი არიან ის ქალები, რომლებიც თვლიან, რომ მშობლებისგან დამოუკიდებლობის მიღწევა მნიშვნელოვანია - ასე ფიქრობს ქალების 64% და კაცების მხოლოდ 52%.
შვილების ყოლის ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად ფინანსური უზრუნველყოფა სახელდება (ქალების 70% და კაცების 61% ამ ფაქტორს „ძალიან მნიშვნელოვნად“ აფასებენ).
მშობლობაზე უარის თქმის ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზიც სწორედ ფინანსური პრობლემებია (39%), რასაც მოსდევს ჯანმრთელობის პრობლემები (38%), შესაფერისი პარტნიორის არყოლა (37%) და სათანადო საცხოვრებლის არქონა (34%). თითქმის ყველა ბარიერს ქალები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე კაცები.
ქორწინება - პარტნიორული ურთიერთობის ყველაზე სასურველი ფორმა
ქორწინება, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის პარტნიორული ურთიერთობის ყველაზე სასურველ ფორმად რჩება.
თუმცა რეგიონებს შორის ჩანს მკვეთრი განსხვავებებიც:
შობადობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების უმეტესობაში, რესპონდენტები უპირატესობას ანიჭებენ ქორწინებას თანაცხოვრებამდე;
შობადობის დაბალი მაჩვენებლის მქონე ზოგიერთი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა და ტერიტორია უპირატესობას თანაცხოვრების შემდეგ ქორწინებას ანიჭებს.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრები 18-დან 39 წლამდე ასაკის ყოველი ოთხიდან სამზე მეტი (79%) ქორწინებაზე დამყარებულ პარტნიორული ურთიერთობის მოდელს ანიჭებს უპირატესობას.
დაუქორწინებლად დარჩენას მხოლოდ 10% ირჩევს. ხოლო ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას - 7%.
ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ქალები და კაცები თანაბრად ანიჭებენ უპირატესობას ქორწინებაზე დამყარებულ პარტნიორულ ურთიერთობას, თუმცა ქალები უფრო ხშირად ირჩევენ მოდელს - „ჯერ ქორწინება, შემდეგ თანაცხოვრება“, კაცები პირიქით – „ჯერ თანაცხოვრება, შემდეგ ქორწინება“.
ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას ქალებთან შედარებით უფრო მეტი კაცი ანიჭებს უპირატესობას, განსაკუთრებით 35–39 წლის ასაკობრივ ჯგუფში (კაცების 10% და ქალების 7%). ამასთან, ქორწინებას თანაცხოვრებამდე სოფლის მოსახლეობა გაცილებით მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე ქალაქის.
ქალებიც და კაცებიც პარტნიორული ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მოტივად შვილების ყოლას ასახელებენ - ორივე ჯგუფის 55% მას „ძალიან მნიშვნელოვნად“ აფასებს.
თუმცა ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორული ურთიერთობა უზრუნველყოფდეს საზოგადოებაში პატივისცემის მოპოვებას - ასე ფიქრობს ქალების 37% და კაცების 33% და მშობლებისგან დამოუკიდებლობის მიღწევას - ქალების 51% და კაცების 40%.
არატრადიციული ოჯახური მოდელები - შვილი ქორწინების გარეშე ან როცა შვილი არ გინდა…
ე.წ. არატრადიციული ოჯახური მოდელები, ანუ მოდელები, როცა, მაგალითად, დაქორწინებული წყვილი თავს იკავებს შვილის გაჩენისგან ან ქორწინების გარეშე აჩენენ შვილს, ან, მაგალითად, ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას ირჩევენ, გამოკითხული რესპონდენტებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, მკვეთრად მიუღებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის იმ ქვეყნებში, სა where შობადობის მაღალი მაჩვენებელია.
შვილის გაჩენაზე უარის თქმა ქალების 64%-ისა და კაცების 43%-ისთვისაა მიუღებელი.
წლების მატებასთან ერთად გამქრალი ოპტიმიზმი ქალებში
გამოკვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 18-39 წლის მოსახლეობის 60%-ზე მეტი საკუთარ მომავალს „მეტ-ნაკლებად“ ან „ძალიან პოზიტიურად“ აფასებს, ასაკის მატებასთან ერთად, ოპტიმიზმი ქალებში უფრო მკვეთრად მცირდება, ვიდრე კაცებში.
ამასთანავე, ქალები თითქმის ყველა საკითხში კაცებთან შედარებით უფრო მეტად გამოხატავენ შეშფოთებას ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისი, დანაშაულის დონე, კლიმატური ცვლილებები.
აი, მაგალითად, უმუშევრობას შემაშფოთებელ პრობლემად აღიქვამს ქალების 61%, მაშინ როცა ამაში განსაკუთრებულ პრობლემას კაცების მხოლოდ 49% ხედავს.
კონფლიქტსა და ომს ძალიან შემაშფოთებელ პრობლემად რეგიონში მცხოვრები ქალების 73%, ხოლო კაცების 65% მიიჩნევს. ერთადერთი საკითხი, სადაც სქესთა შორის განსხვავება არ ფიქსირდება, მოსახლეობის დაბერებაა - მას ძალიან შემაშფოთებელ პრობლემად აფასებს ქალებისა და კაცების 35%.
ფლორენს ბაუერი, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ამბობს, რომ გამოკვლევის მონაცემები ნათლად ხსნის, თუ რატომ არ ამართლებს მოკლევადიან ფინანსურ წახალისებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რასაც არაერთ შემთხვევაში თან ახლავს რიტორიკა, რომელიც ქალებს მეტი შვილის გაჩენისკენ მოუწოდებს:
„ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელსაც სტაბილური სამსახურის, ღირსეული საცხოვრებლის ან ისეთი პარტნიორის პოვნა უჭირს, რომელიც ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობას თანაბრად გაიზიარებს, მხოლოდ ფინანსური წახალისება საკმარისი არ არის. ამგვარი პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს იმ სისტემური ბარიერების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრდების მიერ შვილების გაჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
გაეროს მოსახლეობის ფონდი მხარს უჭერს მთავრობებს, უკეთ გაიაზრონ ეს გამოწვევები და შეიმუშაონ ისეთი პოლიტიკა და პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებაში დაეხმარება - ცხოვრებისეული უნარების განვითარების ხელშეწყობითა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით დაწყებული, ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერებით“, - ამბობს ფლორენს ბაუერი.
„დემოგრაფიული მომავლის კვლევა“ ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მოიცვა 18-დან 39 წლამდე ასაკის, ინტერნეტზე წვდომის მქონე ზრდასრულები. ონლაინ კვლევებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვების გათვალისწინებით, მიღებული მონაცემები ქვეყნების დონეზე სრულად წარმომადგენლობითად ვერ ჩაითვლება, რადგან შერჩევაში, სავარაუდოდ, უფრო მაღალი პროცენტული წილით შევიდნენ ქალაქებში მცხოვრები და უფრო მაღალი განათლების დონის მქონე რესპონდენტები, ვიდრე თითოეული ქვეყნისა და ტერიტორიის მოსახლეობაშია წარმოდგენილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის შედეგები უნდა განიმარტოს, როგორც ინტერნეტთან წვდომის მქონე 18–39 წლის ასაკის მოსახლეობის ხედვა.