"რუსეთის მოქალაქეა... დიდი ხანია საქართველოშია, კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე" - დადიანზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი უმძიმესი ავტოავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, შემთხვევას 65 წლის პენსიონერი, თამილა (მიმი) კაზალიკაშვილი ემსხვერპლა. ადგილობრივების ცნობით, ტროტუარზე ფეხით მიმავალ ქალს ავტომობილით რუსეთის მოქალაქე დაეჯახა.
ბრალდებულის დაკავებასა და მის მოქალაქეობას საქმის ადვოკატი, იმედა ქარქაშაძეც ადასტურებს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სათვალთვალო კამერის კადრებში ჩანს, რომ პენსიონერი ტროტუარზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც იქვე პარკირებული „ჯიპის“ მარკის ავტომობილი ადგილიდან მოულოდნელად იძვრება და მას ეჯახება. შეჯახების სიმძლავრის გამო, მანქანამ ქვეითი იქვე მდგარ მეორე ავტომობილს მიაჯახა. მძღოლი რუსეთში გაცემული მართვის მოწმობით გადაადგილდებოდა.
ადვოკატის მტკიცებით, მომხდარი ტექნიკურმა შეცდომამ ან ავტომობილის გაუმართაობამ გამოიწვია და მძღოლს განზრახვა არ ჰქონია. მისივე თქმით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, პოლიციას იქვე დაელოდა და ის ადგილზევე დააკავეს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ დაკავებული ქალი ქმართან (რომელიც უკრაინის მოქალაქეა) ერთად საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და მათ არანაირი პოლიტიკური კავშირი არ აქვთ.
„სოციალურ ქსელში მეც ვნახე ზოგადი დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსეთის მოქალაქეა, მეუღლე უკრაინის მოქალაქე ჰყავს. ისინი დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან, აქ ცხოვრობენ, აქ მოღვაწეობენ და არანაირი კავშირი არ აქვთ [მიმდინარე მოვლენებთან] არც უკრაინაში და არც რუსეთში.
ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, მართვა კარგად იცის, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… სპეციალურად რომ მოეკლა, მაშინ განზრახ მკვლელობა იქნებოდა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. აბსოლუტურად გამორიცხულია სხვაგვარი განზრახვა — ეს იყო ტექნიკური შეცდომა ან მანქანის ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომში გამოიწვია ეს ყველაფერი.
განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გარბიან და დაზარალებულებს ტოვებენ, ის არსად გაქცეულა. იქვე იყო, დარჩა, ადგილზევე დააკავეს, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და, მოკლედ, მოხდა მისი დაკავება“. - განაცხადა ადვოკატმა.
შემთხვევა 21 ივნისს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.