ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან
პროკურატურამ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა ბრალი ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟია.
არასრულწლოვანი 1 ივლისს დააკავეს, დაკავებისას მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ ოფიციალურად წარდგენილი ბრალის მიხედვით კი, არასრულწლოვანს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რას ედავება პროკურატურა დაკავებულს
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.
ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად.
გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა”, - წერს პროკურატურა, რომლის თანახმადაც გამოძიება გრძელდება.
არასრულწლოვანისთვის ბრალის წარდგენისას ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა დაკავებულის მამა მერაბ მალანიაც, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის თანამდებობას 2016-2019 წლებში იკავებდა.
მერაბ მალანია
გიგა ავალიანის საქმე
მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.