← მთავარი
სამართალი

"რაც ხდება, უსამართლობაა", - ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა

3 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge

ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე მერაბ მალანიამ ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ არ ეთანხმება თავისი ვაჟისთვის წარდგენილ ბრალს და პროცესს “უსამართლობა” უწოდა.

“შეგნებულად არ ვაკეთებდი განცხადებას აქამდე, ვინაიდან მიმდინარეობდა გამოძიება. რა თქმა უნდა, სრულად ვითავისებდი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მე მაკისრია, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს და ყოფილ პოლიციელს. აქედან გამომდინარე ვიყავი ჩუმად. ბევრი ტალახი მესროლეს ამ პერიოდში, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს, ისევ მოგახსენებთ, როგორც ყოფილ პოლიციელს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რაც ახლა გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავდასხმაში ხელშეწყობას. მე არ ვეთანხმებოდი არც პირველს ან შეუტყობინებლობას და არც ამას არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოშიც და თუ საჭირო გახდება, საქართველოს გარეთაც”, - თქვა მერაბ მალანიამ.

მისი სიტყვებით, საქმე “რეზონანსულია”, არ სურს ვინმეს შეურაცხყოფა, მაგრამ “ეს არის უსამართლობა, რაც ახლა ხდება”.

დაკავებული არასრულწლოვანისთვის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარდგენილ ბრალდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე და დაწერა, რომ “საქმეში არსებულ უხვ, მყარ, პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი”.

პროკურატურამ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა ბრალი ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟია.

გიორგი ალანია 1 ივლისს დააკავეს და დაკავებისას მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ ოფიციალურად წარდგენილი ბრალის მიხედვით კი, არასრულწლოვანს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

← მთავარი