მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს
ბოლო ათწლეულებში მეცნიერებმა აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ ბევრი რამ გაიგეს, თუმცა კითხვები ჯერ კიდევ არ ამოწურულა. ახლა მკვლევრებმა მისი ორი ქვეტიპი გამოავლინეს, რომლებიც ერთმანეთისგან ბიოლოგიურ დონეზე განსხვავდება. მათი თქმით, ეს მიგნება მომავალში აუტიზმის უფრო ზუსტი დიაგნოსტირებისა და ინდივიდზე მორგებული თერაპიების შექმნას შეუწყობს ხელს. საერთაშორისო კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აუტისტური სპექტრის 940 ბავშვისა და ახალგაზრდის, 1036 ნეიროტიპური ადამიანისა და თაგვების 20 სხვადასხვა მოდელის (აუტიზმის მსგავსი მახასიათებლის) ტვინის გამოსახულებები შეისწავლეს. მათ ამა თუ იმ უბანს შორის კავშირები გააანალიზეს და ორი მკაფიო ჯგუფი გამოყვეს. ასევე, იხილეთ: ყველაფერი, რაც აუტიზმზე უნდა იცოდეთ — სიმპტომები, დიაგნოსტირება, დახმარების გზები პირველ ჯგუფში ტვინის უბნებს შორის კავშირები შედარებით სუსტი იყო. მკვლევრებმა მას ე.წ. ჰიპოკონექტიურობის ტიპი უწოდეს. აღმოჩნდა, რომ ის დაკავშირებულია გენებთან, რომლებიც სინაფსების (ნერვული უჯრედების კონტაქტის ადგილი) ფუნქციონირებაში მონაწილეობს. მეორე ჯგუფში, რომელსაც ჰიპერკონექტიურობის ტიპი უწოდეს, ტვინის სხვადასხვა უბანს შორის კავშირები უფრო ძლიერი იყო. ამ შემთხვევაში ტვინის იმპულსების ნიმუში (“პატერნი”) იმ გენებთან ასოცირდება, რომლებიც იმუნური სისტემის მუშაობაში მონაწილეობს. ამავე ჯგუფში აუტიზმის ნიშნებიც შედარებით უფრო გამოხატული აღმოჩნდა. ასევე, იხილეთ: აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა
ორი ქვეტიპი ადამიანისა და თაგვების მოდელებში.
ფოტო: Pagani et al., Nat. Neurosci., 2026
მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტიპი ადამიანებშიც გამოვლინდა და მსგავსი მახასიათებლების მქონე თაგვებშიც. ეს შედეგები მონაცემთა სხვადასხვა ბაზის ანალიზმაც დაადასტურა, რაც, ავტორების თქმით, მიუთითებს, რომ საქმე რეალურ ბიოლოგიურ განსხვავებებთან გვაქვს. ამის მიუხედავად, კვლევის თანახმად, აუტიზმის დიაგნოზის მქონე ადამიანების დაახლოებით მეოთხედი არცერთ ჯგუფში არ მოხვდა. ეს ნიშნავს, რომ მომავალში, შესაძლოა, დამატებითი ქვეტიპებიც გამოავლინონ. თუ სხვადასხვა ბიოლოგიური მექანიზმის არსებობა დადასტურდება, შესაძლებელია, რომ მკურნალობისა და მხარდაჭერის პროგრამებიც კონკრეტულ ჯგუფებს მოარგონ. ასევე, იხილეთ: ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს — აი, საიდან ვიცით ეს აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გამოქვეყნებულ სხვა კვლევაში 5000 ბავშვის მონაცემების საფუძველზე აუტიზმის ოთხი ტიპი გამოყვეს, თუმცა ამ შემთხვევაში კლასიფიკაცია ქცევით ნიშნებს ეფუძნებოდა. ახალი ნაშრომი კი ტვინის სტრუქტურულ და ფუნქციურ თავისებურებებზეა ფოკუსირებული. ავტორებმა კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემები და ანალიზის მეთოდები ღიად გამოაქვეყნეს, რათა მათი გამოყენება და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება სხვა მეცნიერებმაც შეძლონ. ნაშრომი გამოცემაში Nature Neuroscience გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.