← მთავარი
საზოგადოება

აუდიტის სამსახური ტენდერებს და სახელმწიფო შესყიდვებს რეალურ დროში შეისწავლის - მდინარაძე

1 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
აუდიტის სამსახური ტენდერებს და სახელმწიფო შესყიდვებს რეალურ დროში შეისწავლის - მდინარაძე

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაინერგა ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების რეალურ დროში მონიტორინგის პრაქტიკა. ამის შესახებ მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“შესაბამისი უწყებები მოახდენენ არა მხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა. 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე”, - თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, სამსახურმა თავისი რეკომენდაციებითა და დარღვევების გამოვლენით უკვე მოახერხა ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა თუ დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

“მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში გადაგზავნილი მასალების თანხობრივი გამოხატულება 50 მილიონი ლარია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჩვეული გამოცდილება იყო, რომ სამართალდამცავი უწყებები მუშაობდნენ წარსულზე და წარსულში ჩადენილ დანაშაულზე, რეალურ დროში მონიტორინგი, მდინარაძის განმარტებით, ნიშნავს შემდეგს:

“მაგალითად, უწყებები კი არ მუშაობენ წინა თვეში, წინა დღით ჩატარებულ ტენდერზე, სახელმწიფო შესყიდვაზე, არამედ რეალურ დროში ამოწმებენ, რამდენად რელევანტურია ფასი, მიდგომა, სატენდერო პირობები, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს კორუფციის ნიშნები. რას ნიშნავს კორუფციის ნიშნების გამორიცხვა - კორუფციის აღმოფხვრა აბსოლუტური, მსოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს… კორუფციის არქონა შეიძლება ნიშნავს ყველაზე დაბალ დონეს და ხარისხს. ჩვენი მიზანია, რომ რაც მეტი წელი, თვე და დღე გავა, ნაკლები კორუფცია გვქონდეს და მინიმუმამდე გვქონდეს დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ჩვენ ამის ამბიცია გვაქვს”, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ

„კორუფცია დამარცხებულია…სიღარიბე დაიძლევა“ - კობახიძის მოხსენების ოთხი მთავარი გზავნილი

26 ივნისს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად “ზედა ეშელონებში” კორუფციის დამარცხება დაასახელა.

მისი სიტყვებით, “შიდა კორუფცია” შიგნიდან არღვევდა სისტემას, მაგრამ “მასთან ბრძოლაში უკომპრომისობა გამოვიჩინეთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ”.

კორუფციის ერთ-ერთი ბოლო, მასშტაბური საქმე “საქართველოს რკინიგზას” უკავშირდებოდა - 16 ივნისს პასუხისგებაში მისცეს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე და კიდევ შვიდი ადამიანი. მაისის ბოლოს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, თავადაც ქრთამის აღების გამო პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ლევან ახობაძე. უფრო ადრე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ყოფილ პრემიერ-მინისტრს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშია ბრალდებული.

← მთავარი