Atlantic Council: ვაშინგტონი სომეხი ტყვეებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აზერბაიჯანს სამხედრო იარაღს სთავაზობს
ტრამპის ადმინისტრაცია სამხრეთ კავკასიაში ე.წ. „დიდ გარიგებას” ამზადებს: ბაქოს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ პოლიტიკური პატიმრებისა და სომეხი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ Atlantic Council წერს.
გარიგება „სექცია 907”-ს ეხება — 1992 წლიდან მოქმედ კანონს, რომელიც აზერბაიჯანისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას კრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი პრეზიდენტები ამ შეზღუდვას ყოველწლიურად ჩერდებიან, მისი სრული გაუქმება ბაქოსთვის მნიშვნელოვანი სიმბოლური გამარჯვება იქნება.
ამერიკის მოთხოვნების სიაში შედის: ანტიკორუფციული აქტივისტის გუბად იბადოღლუს, „რადიო თავისუფლებისა” და „ამერიკის ხმის” ჟურნალისტების, ასევე ყარაბაღში დაკავებული სომეხი ტყვეების გათავისუფლება.
გარიგების ლოგიკა ბელარუსის მოდელს ეყრდნობა — სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ 500-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა. ექსპერტთა შეფასებით, მსგავსი გარიგება აზერბაიჯანთან გაცილებით ნაკლებ რისკებს შეიცავს.
შეთანხმებისთვის ვადა სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდეა გათვლილი. Atlantic Council წერს, რომ მაღალი პროფილის სომეხი ტყვეების გათავისუფლება ფაშინიანის პოზიციებს გაამყარებს და საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის გზას გაუხსნის.
შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში 2025 წლის ვაშინგტონის სამიტისა და 2026 წლის თებერვალში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის რეგიონული ვიზიტის ფონზე მწიფდება — ვენსი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ჩინოსანი გახდა, რომელიც ერევანსა და ბაქოს ეწვია.
Atlantic Council-ის შეფასებით, გეგმის განხორციელება თეთრი სახლისგან დიპლომატიურ ოსტატობასა და კონგრესისგან საკანონმდებლო კრეატიულობას მოითხოვს, თუმცა 2026 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ეს შეიძლება რესპუბლიკელთა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ქულა გახდეს.