„საყვარელი საქართველო” — რუსული Astoria Grande ბათუმისკენ იწევს; ოფიციალური პასუხი: „განაცხადი არ მიგვიღია”
რუსული საკრუიზო კომპანია Astoria Grande-ის ოფიციალური ვებსაიტი 2026 წლის 26-29 მაისს ბათუმის პორტში გაჩერებას გეგმავს — 2023 წლის ივლისის შემდეგ პირველად. სამარშრუტო განრიგი: სოჭი → ტრაბზონი → ბათუმი → სოჭი. ბათუმში ყოფნა ყველაზე გრძელია — 28 მაისის 10:00-დან 29 მაისის 21:00-მდე. კომპანია ამ ტურს „საყვარელი თურქეთი და სტუმართმოყვარე ბათუმი” სლოგანით ყიდის.
ვებსაიტის მიხედვით, 2026 წლის ბოლომდე კიდევ ათამდე ასეთი კრუიზია დაგეგმილი — ყველა ბათუმის შემოვლით, ერთი კი მხოლოდ სოჭ-ბათუმ-სოჭის მარშრუტით: 27-30 დეკემბერს, სლოგანით — „საყვარელი საქართველო”. ბილეთის საწყისი ფასი ერთი კაბინისთვის 304 000 რუბლია (დაახლ. 11 400 ლარი), თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ არის.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ინფორმაცია უარყო: „ბათუმის ნავსადგურში ამ გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არც დადასტურებული განაცხადი არსებობს და არც შემოსვლის განაცხადი მუშავდება. მსგავსი დაუზუსტებელი განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად”, — ნათქვამია 18 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
Astoria Grande-მ ბათუმი ბოლოს 2023 წელს ორჯერ მიინახულა. 2025 წლის ივნისში ამ მარშრუტის შესახებ ინფორმაცია პირველად გავრცელდა; დაგეგმილი იყო 2026 წლის აპრილის რეისიც, მაგრამ ის, სავარაუდოდ, არ შესრულდა.