საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ბათუმის პორტში Astoria Grande-ს შემოსვლის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande შემოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს”.
სააგენტოს განცხადებით, ბათუმის ნავსადგურში Astoria Grande-ს შემოსვლასთან დაკავშირებით „არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება”.
„მსგავსი ტიპის დაუზუსტებელი და ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად,” — ნათქვამია სააგენტოს გაფრთხილებაში.
Astoria Grande სანქცირებული რუსული საკრუიზო გემია. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საზღვაო სფეროში ყველა პროცედურა სრულდება „მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებების, უსაფრთხოების, სასაზღვრო და სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნების სრული დაცვით” — და მოუწოდებს ყველას, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავოს.