რუსულმა Astoria Grande-მ ბათუმი მარშრუტიდან ამოიღო
ბათუმის ნაცვლად, Astoria Grande თურქეთის სტამბოლსა და ამასრაში გაჩერდება, შემდეგ კი კვლავ სოჭს დაუბრუნდება.
19 მაისის მონაცემებით, გემი ჯერ კიდევ ბათუმის პორტში გაჩერების გეგმით მოძრაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ ინფორმაციას მაშინ არ ადასტურებდა.
2023 წელს Astoria Grande ბათუმში ორჯერ გაჩერდა — 27 და 31 ივლისს — და ორჯერვე ხმაურიანი საპროტესტო აქციები დახვდა. 27 ივლისს გემმა ბათუმში რამდენიმე ასეული რუსი ტურისტი ჩამოიყვანა; სტუმრები ანტიქართული კომენტარებითა და შეურაცხმყოფელი ჟესტებით გამოირჩეოდნენ. ბათუმის პორტიდან ქართველი მოქალაქეები მათ სტვენითა და შეძახილებით გაეცილნენ, გემმა კი ნავსადგური დროზე ადრე დატოვა.
31 ივლისს გემის მგზავრები ნავსადგურიდან ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით გამოიყვანეს — შეკრებილთა უკმაყოფილო შეძახილებისა და კვერცხებისა და ბოთლების სროლის ფონზე. საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის უკრაინის ორი მოქალაქე.