აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია კობახიძეს შეხვდა — ვიზიტი 29 მაისამდე გაგრძელდება
სახელმწიფო დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი — ჩარლზ იოქი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, და პიტერ ანდრეოლი, რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი — 24–29 მაისს საქართველოს სტუმრობენ. ანდრეოლი ამ წლის მარტში უკვე ეწვია საქართველოს.
25 მაისს ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. კობახიძის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.” კობახიძემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის.”
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბიზნესსექტორსა და რელიგიურ ლიდერებს. შეხვედრები „ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის ზრდაზე,” — განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა, თუმცა საქართველოს ვიზიტი მის გეგმებში არ შედის.