← მთავარი
საზოგადოება

ამერიკის საელჩო საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ულოცავს

12 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ამერიკის საელჩო საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გულითადად მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შიო III-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. ამის შესახებ საელჩომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

„ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან — მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან — ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას”, — ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი გახდა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი. ის ახლა იწოდება მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ად.

კენჭისყრაზე მოსაყდრემ 39 ხმიდან 22 ხმა მიიღო. მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა — 7, ხოლო 1 ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა. შიო III-ის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

← მთავარი