რა წერია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის 14 პუნქტში, რომელიც მედიაში გავრცელდა
მედიებში აშშ-სა და ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) 14 პუნქტი არაოფიციალურად ვრცელდება. მემორანდუმის გაფორმება პარასკევს, 19 ივნისს იგეგმება.
თავდაპირველად მედიაში გავრცელდა 14 პუნქტის ძველი ვერსია, რომელსაც ახალი ვერსიაც მოჰყვა.
ბოლო ვერსიის მიხედვით, 14 პუნქტი შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:
ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა, ასევე მათი მოკავშირეები მიმდინარე ომში, ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) ხელმოწერით აცხადებენ სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და ვალდებულებას იღებენ, რომ ამიერიდან ერთმანეთის წინააღმდეგ არ დაიწყებენ ომს ან რაიმე სამხედრო ოპერაციას, თავს შეიკავებენ ერთმანეთის მიმართ ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარისგან და უზრუნველყოფენ ლიბანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საბოლოო შეთანხმება დაადასტურებს ომის მუდმივ დასრულებას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და ამ პუნქტით გათვალისწინებულ სხვა დებულებებს.
ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავი შეიკავონ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.
ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა იღებენ ვალდებულებას, მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას არაუმეტეს 60 დღის ვადაში, რომელიც შეიძლება ურთიერთშეთანხმებით გახანგრძლივდეს.
MOU-ს ხელმოწერისთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადის მოხსნას, ასევე ნებისმიერი ისეთი ქმედების შეწყვეტას, რომელიც ირანისთვის ხელის შეშლას ან დაბრკოლების შექმნას წარმოადგენს, და სრულად გააუქმებს საზღვაო ბლოკადას 30 დღის ვადაში. ამ პერიოდში ირანის ისლამური რესპუბლიკა უზრუნველყოფს საზღვაო მიმოსვლის აღდგენას ომამდელი პერიოდის მაჩვენებლების პროპორციულად. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს ირანის ისლამური რესპუბლიკის სიახლოვიდან.
MOU-ს ხელმოწერისთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკა თავისი საუკეთესო ძალისხმევით უზრუნველყოფს კომერციული გემების უსაფრთხო გავლის ორგანიზებას, ყოველგვარი საფასურის გარეშე, 60 დღის განმავლობაში, სპარსეთის ყურიდან ომანის ზღვამდე და პირიქით. კომერციული გემების მოძრაობა დაუყოვნებლივ დაიწყება და ტექნიკურ-სამხედრო დაბრკოლებების მოხსნისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ განაღმვის საჭიროების გათვალისწინებით, სრულად ამოქმედდება 30 დღის ვადაში. ირანის ისლამური რესპუბლიკა გამართავს დიალოგს ომანის სასულთნოსთან ჰორმუზის სრუტის სამომავლო ადმინისტრაციისა და საზღვაო მომსახურებების განსაზღვრის მიზნით, ასევე სპარსეთის ყურის სხვა სანაპირო სახელმწიფოებთან განხილვაში, მოქმედი საერთაშორისო სამართლისა და სრუტის სანაპირო სახელმწიფოების სუვერენული უფლებების შესაბამისად.
ამერიკის შეერთებული შტატები, რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს საბოლოო, ორმხრივად შეთანხმებული გეგმა მინიმუმ 300 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ირანის ისლამური რესპუბლიკის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. ამ გეგმის განხორციელების მექანიზმი საბოლოო შეთანხმების ფარგლებში, 60 დღის ვადაში განისაზღვრება. ამასთან, ყველა საჭირო ლიცენზია, შეღავათი და ნებართვა, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის ფინანსურ ტრანზაქციებთან, გაიცემა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.
ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას შეწყვიტოს ყველა სახის სანქციები ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს რეზოლუციებით დაწესებული შეზღუდვები, ასევე აშშ-ის ყველა ერთპიროვნული სანქცია - როგორც პირველადი, ისე მეორადი - შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც საბოლოო შეთანხმების ნაწილი იქნება. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებენ სანქციების გაუქმების საკითხის კრიტიკულ მნიშვნელობას და გამოთქვამენ განზრახვას, რომ ამ საკითხებს დაუყოვნებლივ განიხილავენ მოლაპარაკებებში, რათა მიაღწიონ ორმხრივ შეთანხმებას.
ირანის ისლამური რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძენს და არ შეიმუშავებს ბირთვულ იარაღს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ შეთანხმდნენ, რომ გამდიდრებული მასალების მარაგის განკარგვის საკითხი გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად, იმ გრაფიკის მიხედვით, რომელიც მითითებულია მეშვიდე პუნქტში; მინიმალური მეთოდოლოგია იქნება ადგილზე მათი გამოფიტვა IAEA-ს ზედამხედველობის ქვეშ. ორივე მხარე ასევე შეთანხმდა, რომ განიხილავს გამდიდრების საკითხს და სხვა ორმხრივად შეთანხმებულ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ირანის ბირთვულ საჭიროებებთან, საბოლოო შეთანხმებაში მიღწეული დამაკმაყოფილებელი ჩარჩოს საფუძველზე. საბოლოო შეთანხმება დაადასტურებს ამ პუნქტის დებულებებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ აღიარეს აღნიშნული ბირთვული საკითხების კრიტიკული მნიშვნელობა და გამოთქვეს განზრახვა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში დაუყოვნებლივ დაიწყონ მათი განხილვა ორმხრივი შეთანხმების მისაღწევად.
საბოლოო შეთანხმების მიღებამდე, ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა თანხმდებიან სტატუს კვოს შენარჩუნებაზე. ირანის ისლამური რესპუბლიკა შეინარჩუნებს თავისი ბირთვული პროგრამის არსებულ მდგომარეობას, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები არ დააწესებს ახალ სანქციებს და არ განალაგებს დამატებით სამხედრო ძალებს რეგიონში.
ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ MOU-ს ხელმოწერისთანავე და სანქციების გაუქმებამდე, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი გასცემს შეღავათებს ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და მათგან ნაწარმოები პროდუქტი ექსპორტზე, ასევე ყველა დაკავშირებულ მომსახურებაზე, მათ შორის საბანკო ტრანზაქციებზე, დაზღვევაზე, ტრანსპორტირებაზე და სხვ.
ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, გამოსაყენებლად სრულად ხელმისაწვდომი გახადოს ირანის ისლამური რესპუბლიკის გაყინული ან შეზღუდული სახსრები და აქტივები. MOU-ს ამოქმედებისთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებების ფარგლებში ორმხრივად შეთანხმდებიან ამ სახსრების განთავისუფლებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე. ასეთი სახსრები, იქნება ეს თავდაპირველ ანგარიშზე შენარჩუნებული თუ გადატანილი, სრულად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ნებისმიერი საბოლოო ბენეფიციარისთვის გადასახდელად, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი განსაზღვრავს. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, შესაბამისად გასცეს ყველა აუცილებელი ლიცენზია და ავტორიზაცია.
ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა თანხმდებიან, რომ შეიქმნება აღმასრულებელი მექანიზმი, რომელიც დააკვირდება MOU-ს წარმატებულ შესრულებას და საბოლოო შეთანხმების სამომავლო შესრულებას.
MOU-ს ხელმოწერის შემდეგ, და იმ პირობით, რომ დაიწყება ამავე მემორანდუმის 1, 4, 5, 10 და 11 პუნქტების შესრულება და გაგრძელდება ამ ზომების განხორციელება, ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა დაიწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმებაზე, რომელიც ექსკლუზიურად შეეხება დანარჩენ პუნქტებს.
საბოლოო შეთანხმება დამტკიცებული იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციით.