აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია კობახიძეს, ოპოზიციას და გახარიას პარტიას შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია 25 მაისს თბილისში ყოფნისას შეხვდა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს.
დელეგაციას წარმოადგენდნენ პიტერ ანდრეოლი (სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი), ჩარლზ იოკი (თანაშემწე საგანგებო საკითხებში) და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
შეხვედრა ოპოზიციასთან
სასტუმრო „თბილისი მერიოტში” გაიმართა შეხვედრა „ძლიერი საქართველო-ლელოს” საგარეო მდივან გრიგოლ გეგელიასთან, „თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესთან და პარტია „ხალხისთვის” ლიდერ ანა დოლიძესთან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სხვა პარტიებსაც შეხვდებიან.
გეგელიამ ვიზიტი „ძალიან მოკლე ვადაში მესამე ვიზიტი” უწოდა და დასძინა, ეს „მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ტრამპი არსად წასულა და სულ უფრო მეტად არის დაინტერესებული, რომ საქართველოში პოლიტიკური მშვიდობა იყოს”.
შეხვედრა გახარიას პარტიასთან
„გახარია საქართველოსთვის” პარტიის წარმომადგენლებმა — დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ და პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ბუჩუკურმა — შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა და პარტიის ინიციატივა — რეზოლუცია, რომელიც ეხება რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულებას.
შეხვედრა კობახიძესთან
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძეს შეხვდნენ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე”, — წერს მთავრობის პრესცენტრი.
კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა „საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისათვის”.