აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა
საქართველოში 24 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია, რომელიც ქვეყანაში 29 მაისამდე იმყოფება.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს სექტორისა და რელიგიური წრეების წარმომადგენლებთან.
„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ასევე ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდაზე,” — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დელეგაციაში შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფისის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ იოქი და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი.
ვიზიტი რეგიონულ კონტექსტში: ამავე პერიოდში, 26 მაისს, სომხეთს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი რუბიოსთან შეხვედრას გამართავს, მოსალოდნელია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერაც.