როგორ უნდა გაიზომოთ არტერიული წნევა სწორად - ექიმის რეკომენდაცია
როგორ უნდა გაიზომოთ არტერიული წნევა სწორად. ამის შესახებ ამერიკული გულის ასოციაციის/AHA-ის რეკომენდაციაზე დაყრდნობით ექიმი ეკა კვირკველია წერს: “წნევის პირველი შეფასებისას გაზომვა საჭიროა ორივე ხელზე. თუ მაჩვენებლები განსხვავდება, შემდგომში გამოიყენება ის ხელი, სადაც წნევა უფრო მაღალია. გაზომვამდე: დაისვენეთ მინიმუმ 5 წუთი, ფეხები იატაკზე გქონდეთ დადგმული ზურგი იყოს მიყრდნობილი სკამის ზურგს, ხელი – გულის დონეზე. ბოლო 30 წუთში მოერიდეთ მოწევას, კოფეინს და ფიზიკურ დატვირთვას. რეკომენდებულია მინიმუმ ორი გაზომვა 1 წუთიანი ინტერვალით და მათი საშუალო მაჩვენებლის გამოყენება. თუ ორივე ხელს შორის სისტოლური წნევის (ზედა მაჩვენებლის) განსხვავება მუდმივად 10 მმ ვწყ.სვ-ზე მეტია, ამის შესახებ ექიმს უნდა აცნობოთ. ერთი გაზომვა ყოველთვის არ ასახავს რეალურ მდგომარეობას — არტერიული წნევის შეფასება სწორ ტექნიკასა და განმეორებით გაზომვებს საჭიროებს.”