"ბოდიში მინდა მოვუხადო ქართველ ხალხს - ყველას, ვინც ეს ვიდეო ნახა და შესაძლოა იფიქრა, რომ ქართველი ხალხი მძულს... ჩვენ მოძმე ხალხი ვართ" - არმან ცარუკიანის ძმის მიმართვა
UFC-ის მებრძოლს, არმან ცარუკიანს, სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ. ამის მიზეზი კი ძირითადად UFC-ის ქართველ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან დაკავშირებით არმანის კომენტარებია.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში არმანისა და მისი ძმის, არტურ ცარუკიანის ხმოვანი შეტყობინებებიც გავრცელდა, სადაც ისინი ილიასა და ქართველების შესახებ ისე საუბრობენ, რომ ქართველების გაღიზიანება გამოიწვიეს.
ახლახან არტურ ცარუკიანმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის:
“გამარჯობა, მეგობრებო. მინდა, ბოლოდროინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩემი აზრები გაგიზიაროთ. ბოდიში მინდა მოვუხადო ქართველ ხალხს - ყველას, ვინც ეს ვიდეო ნახა და შესაძლოა იფიქრა, რომ ქართველი ხალხი მძულს.
ეს აპრიორი გამორიცხულია, რადგან მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ქართველები და სომხები მოძმე ხალხია.
ჩვენ საქართველოში დავიბადეთ და ამ ქვეყანასთან ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს, ამიტომ მსგავსი რამ უბრალოდ შეუძლებელია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემი ძმის ლანძღვა და ტალახში ამოსვრა დაიწყეს. ავენთე, კამათში ჩავები, ზოგიერთმა “გენიოსმა“ კი ყველაფერი ისე წარმოაჩინა, თითქოს ქართველები მძულს.
მინდა მათ მივმართო და ვუთხრა: თქვენს საქმეს მიხედეთ, გეთაყვა, სპორტსმენებს ხელს ნუ უშლით, ამ კონფლიქტში ნუ ერევით და თრეშ-თოქს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ეს მათი სამუშაოს ნაწილია. სულ ეს არის”, - ამბობს არტურ ცარუკიანი.
ცნობისთვის, არმან ცარუკიანი 11 ივლისს თბილისში დაგეგმილ RAF-ის ღონისძიებაზე მიიღებს მონაწილეობას.
ნახეთ ასევე:
ვინ არის არმან ცარუკიანის ცოლი და რატომ მალავს UFC-ის მებრძოლი მას? - წარმატება, კარიერა და ოჯახი: ახალქალაქელი მებრძოლი, რომელმაც მთელი საქართველო გადაიმტერა