შსს: არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ — დაკავებლია 3 პირი
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.
“გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.
სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.
ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.